თბილისში მშობლები სკოლების გახსნის მოთხოვნით აქციას მართავენ

პუბლიკა

თბილისში, მზიურის პარკში სკოლების გახსნის მოთხოვნით აქცია იმართება. სკოლის მოსწავლეების მშობლები განათლების სამინისტროს მიმართავენ და ითხოვენ, რომ გაიხსნას საგანმანათლებლო დაწესებულებები, რადგან ბავშვის განვითარებისთვის და მისი სოციალიზაციისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში ფიზიკურად ყოფნა.

მშობლები მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს თანმიმდევრული გეგმა, რომელიც მაქსიმალურად მოემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, გაითვალისწინებს მშობლებისა და პედაგოგების მდგომარეობას და არ დატოვებს განათლების, ზრუნვისა და განვითარების სერვისების მიღმა მათ შვილებს.

„რატომ ვერ ხედავს 700 ათას მოსწავლეს განათლების სამინისტრო? იმის გამო მხოლოდ, რომ ანგარიშვალდებულება არ აქვთ მათ ჩვენი შვილების წინაშე და არც ამ მშობლების წინაშე, რომლებიც დღეს ვდგავართ აქ იმ მოლოდინში, რომ გვექნება გეგმა, გვექნება სწორი პოლიტიკა, როგორ დავიბრუნოთ სკოლები ბავშვებს და ასევე, სკოლებს – ჩვენი შვილები. ბავშვის განვითარებისთვის და მისი სოციალიზაციისთვის ჩვენ ვიცით, რომ დისტანციური სწავლება ვერ იქნება ეფექტიანი. მით უფრო, რომ არ არსებობს სამომავლო ნაბიჯები, სწორად გათვლილი ნაბიჯები – როგორ დავაღწიოთ თავი მასობრივ დეპრესიას და ბავშვების გაუცხოებას საკუთარ ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ გარემოსთან“, – ამბობს აქციის ორგანიზატორი, ერთ-ერთი მშობელი.

აქციას უერთდება განათლების მკვლევარი რეზო აფხაზავა, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლებამ შეზღუდვებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებას უნდა განუმარტოს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დემოკრატიულ საზოგადოებაში არის ის, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტილებების მიღებასთან ერთად, პროცესში უნდა რთავდეს მხარეებს და მეორეს მხრივ, მიღებული გადაწყვეტილების განმარტებებსაც და ლოგიკურ მიზანშედეგობრივ კავშირებსაც უნდა ეუბნებოდეს საზოგადოებას. გეგონება ვართ შუა საუკუნეების ქვეყანა, სადაც მონარქები იღებენ გადაწყვეტილებას და მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარს გვაცნობენ და რატო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ამის განმარტებას არ ახდენენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, რიგ სფეროებში ამის განმარტება ხდება და ეჭვი მაქვს, რომ განათლებაში ამის განმარტებას არ აკეთებენ იმიტომ, რომ არ აქვთ ასეთი ტიპის განმარტებები და ეს არის ძალიან სამწუხარო“, – აღნიშნავს რეზო აფხაზავა „რადიო თავისუფლებასთან“.


დღეს თბილისში შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა. ერთ-ერთ აქციაზე, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან იმართება, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მოიხსნას მკაცრი რეგულაციები თითქმის ყველა სფეროს მიმართულებით.

ამავე გაჟღერდა, რომ სახელმწიფოს ამ შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადა ეძლევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო შენობების პიკეტირებას აანონსებენ.