წყალმომარაგების კომპანია GWP-ში კონტრაქტულ სამუშაოზე დასაქმებულები აქციას მართავენ. ისინი კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ და უარს ამბობენ სამუშაოს გაგრძელებაზე, სანამ მათი მოთხოვნებია რ დაკმაყოფილდება.
აქციის მონაწილეები ხელფასის მომატებას, შვებულების საკითხისა და შრომის პირობების მოწესრიგებას მოითხოვენ.
„ჩემი საქმე არის შრომატევადი, საპასუხისმგებლო. რა პასუხისმგებლობაც გვაქვს, შესაბამისად რომ გადაგვიხადონ“, – აცხადებს „tv პირველთან” GWP-ის თანამშრომელი.
„შვებულება არ გვაქვს, რასაც ვითხოვთ და რაც გვეკუთვის და ხელფასი. მოვითხოვთ ცოტათი გაზრდას. ელემენტარულით, რომ უკეთესად იყვნენ ჩვნი ოჯახები”, – ამბობს კიდევ ერთი თანამშრომელი.
„პუბლიკასთან” საუბრისას გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი აკაკი გვალია დასაქმებულების მოთხოვნების შესახებ უფრო კონკრეტულად საუბრობს. მისი განმარტებით, მათი ანაზღაურება კონკრეტული ტარიფის მიხედვით ანგარიშდება და სწორედ ამ ტარიფის მომატებას მოითხოვენ ისინი. როგორც გვალია ამბობს, აქციაზე 100-ზე მეტი დასაქმებულია გამოსული.
„მათ აქვთ ტარიფით ანაზღაურების სისტემა, ძირითადი მოთხოვნა არის ამ ტარიფის შეცვლა, გადახედვა, ასევე, სამუშაო პირობების მოწყობა და შვებულების სისტემის მოწესრიგება.
ანაზღაურება – ჰყავთ სპეცმანქანები, ტრაქტორები, ამწმეები და აქედან გამომდინარე, დადგენილია ანაზღაურების შესაბამისი ტარიფი და ეს მიაჩნიათ, რომ არის ძალიან ცოტა, რასაც იღებენ, მოიხოვენ ამ ტარიფების გადახედვას.
სამუშაო პირობების მოწყობა – უნდა მოეწყოს გასახდელი, საშხაპეები, ვინაიდან, მთელი დღე ფიზიკურად მუშაობა უწევთ, მიწასთან და ა.შ.
შვებულება – მომსახურებით ხელშეკრულებაზე არიან, რა სამუშაოს მოცულობაც იქნება, იმის მიხედვით ამუშავებენ და ადმინისტრაცია ამას წინასწარ ვერ გეგმავს, როგორ უნდა მისცეს შვებულება და ა.შ.”, – ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კონტრაქტორების ერთი ნაწილი უარს აცხადებს სამუშაოს შესრულებაზე, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მათივე თქმით, მუშაობენ ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად.
„კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე. მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც არღვევენ თავიანთი ქმედებებით. ერთი მხრივ ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას. მიუხედავად ამისა, კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს შექმნილი ვითარების განსამუხტად და პრობლემური საკითხების ოპტიმალური გზით გადასაწყვეტად”, – აცხადებენ კომპანიაში.