ბაზრობების 15 თებერვლამდე გახსნას ეპიდვითარების გათვალისწინებით განვიხილავთ - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ღია ბაზრობების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბაზრობების 15 თებერვლამდე გახსნა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განიხილება.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს და სექტორის წარმომადგენლებს აუხსნეს ის მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც მთლიანად გუნდი, ეპიდემიოლოგებთან ერთად აფასებს ვითარებას და იღებს გადაწყვეტილებას

„ჩვენ ერთი კვირის შემდეგ დავუბრუნდებით  საკითხის განხილვას, ასე რომ, მათთვის პერსპექტივა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, თუ, რა თქმა უნდა, ამ მომდევნო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ  გაუარესდა,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის ბაზრობების წარმომადგენლების პრობლემები, მით უმეტეს, იმის გათვალსწინებით, რომ  ეს არის ძალიან დიდი დამსაქმებელი სფერო და მომეტებული რისკიდან გამომდინარე, წინასაახალწლო პერიოდშიც ვერ მოხერხდა მათი გახსნა.