ვთხოვ ყველას, თავი შეიკავოს ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების უსამართლო კრიტიკისგან - თურნავა

პუბლიკა

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოთ უსამართლო კრიტიკისგან და დადანაშაულებისგან ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნათია თურნავას თქმით, ბოლო დროს ძალიან „დამაფიქრებელი ტენდენციები“ ისმის ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის, ეპიდემიოლოგებისა და ექიმების მიმართ.

„სხვათა შორის, ეს შეიძლება იყოს გულწრფელი კრიტიკა ბიზნესიდან, რომელმაც შეიძლება ბოლომდე არ იცოდეს ჩვენი გადაწყვეტილების ლოგიკა., თუმცა ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებაც გვესმის იმიტომ, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ვინც არის არეულობის მოსურნე, ვინც არის ამბოხის მოსურნე და არ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, უნდა, რომ დარტყმა მიიტანოს ჩვენს გმირებზე, ჩვენს მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებზე, ვის მხრებზეც გადაიარა მთელი ეს პერიოდი ეპიდემიასთან ბრძოლამ. ეს არის ძალიან უსამართლო და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავოთ ასეთი უსამართლო კრიტიკისა და დადანაშაულებისგან ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების. მათი დამსახურებაა მათ შორის ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ გახსნასა და არა დაკეტვაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.