სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2021 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებას საბავშვო ბაღების მუშაობისა და თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში დისტანციური სწავლების პროცესის 1 მარტიდან განახლების შესახებ და მიიჩნევს, რომ ბავშვზე სამზრუნველო დაწესებულებების ხანგრძლივი ვადით დისტანციურ რეჟიმზე დარჩენა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს განათლების უფლების ეფექტიან განხორციელებას.

ამასთან, იმ სკოლებში, სადაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს ან იგეგმება განახლება, მნიშვნელოვანია, არსებული ინფრასტრუქტურა, წყლის მისაწვდომობა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა პასუხობდეს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საბავშვო ბაღების ხანგრძლივად დახურვის, ასევე მათი გახსნის შესახებ გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში იყოს დასაბუთებული და ეყრდნობოდეს ინდივიდუალური მიდგომის მეთოდით შეფასებას. მათ შორის, პროცესში შესაბამისი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების ინდივიდუალური საჭიროებები, მშობლების, ბავშვებისა და პედაგოგების აზრი და ჩართულობა;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მზაობა ინფრასტრუქტურული, წყლის მისაწვდომობის, სანიტარიის და ჰიგიენის დაცვის მიმართულებით. ამასთან, მოახდინოს შესაბამისი სადეზინფექციო და პრევენციული საშუალებებით აღჭურვა და მუდმივი განახლება;

სრულად შეაფასოს დისტანციური სწავლების პროცესში ქვეყნის მასშტაბით არსებული ხარვეზები, მათ შორის, ბავშვების ინტერნეტზე, კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები და პროცესის დაგეგმვისას მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული თითოეული ბავშვის საჭიროება;

შეაფასოს სკოლის მიტოვების რისკები, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებში და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იდენტიფიცირებული გამოწვევების შესაბამისად;

შეაფასოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ეფექტიანი კოორდინაციით იმსჯელოს მათ გაუმჯობესებაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეფასდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჭიროებები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები, დაიგეგმოს ღონისძიებები აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით და სრულად განხორციელდეს საბავშვო ბაღების უზრუნველყოფა სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვისთვის საჭირო რესურსით;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემების შესაბამისად, ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას. მათ შორის, თითოეულ სკოლაში, სადაც პრობლემაა წყლის ხელმისაწვდომობა და საპირფარეშოებში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, დაიგეგმოს პრობლემის მოგვარების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და შესაბამისი სარემონტო სამუშაოები.