ჩხოროწყუში მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს - დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები „შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას რეგიონული მედია „ათინათი“ ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით „პუბლიკა“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ  სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ფაქტის იდენტიფიცირებისთანავე დაიწყო მოკვლევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. აღნიშნულთან მიმართებაში სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლბს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებს, რომ ნებისმიერ დარღვევას მოჰყვება შესაბამისი მკაცრი რეაგირება.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას. მერის, დავით გოგუას თქმით, მომხდარს გამართლება არ აქვს და ის მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად გამოძიების დასრულებას ელოდება.

„დაწყებულია გამოძიება 150-ე მუხლით, ეს არის იძლლების უმუხლი, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს აღნიშნულ ფაქტს, ყველა უმკაცრესად დაისჯება ვისი ბრალეულობაც გამოვლინდება“,- ამბობს დავით გოგუა.