დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია - თურნავა რესტორნებზე

პუბლიკა

„დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის წესებისა და ეპიდემიოლოგიური წესების დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი და ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება მკაცრი რეაქცია“, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა გუშინ, გასტრონომიის ასოციაციის დირექტორის განცხადებას, რომ შაბათს, 6 თებერვალს რესტორანთა ნაწილი თვითნებურად გაიხსნება.

თურნავამ ბრიფინგზევე განაცხადა, რომ მთავრობასა და ტურისტულ ინდუსტრიას (მათ შორის რესტორნებთან) კომუნიკაციის ნაკლებობა არ აქვთ და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ რადგან რესტორნები მთელს საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, ამიტომ მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ „დაუმორჩილებლობას მოჰყვება მკაცრი რეაქცია“.

„ვინაიდან, ჩვენ, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერ-მინისტრთან ერთად და გუნდთან ერთად განვიხილავთ, როდის შეიძლება ჩვენ, იმავე აჭარის მოდელი, სადაც ჯერ ღია სივრცეები გავხსენით, გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე, ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს. აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიცაა და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები, ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით, არ გაართულებენ დიალოგს ჩვენ შორის, იმიტომ, რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ გვექნება მათთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ. თუმცა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია კანონის დარღვევასთან, დაუმორჩილებლობასთან, ძალიან გაართულებს ამ დიალოგს და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ის სრულად იზიარებს საკორდინაციო საბჭოს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც აქამდე იყო მიღებული და მიმართავს რესტორნებს – ნუ გაართულებენ მთავრობასთან დიალოგს. „მათი ხმა არის მოსმენილი, მათი ხმა არის გაგონებული და ჩვენ ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დირექტორის, ლევან ქოქიაშვილის თქმით, შაბათს, 6 თებერვალს რესტორანთა ნაწილი თვითნებურად გაიხსნება.


„სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები. აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი“, – დაწერა ქოქიაშვილმა გუშინ, სოციალურ ქსელში.