გაუქმდეს კარანტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის | პეტიცია

პუბლიკა

დღეს, 11 თებერვალს, შეიქმნა პეტიცია მოთხოვნით, გაუქმდეს კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის. პეტიციის ავტორია აქტივისტი, სტუდენტი აფხაზეთიდან გელა ხასაია.

„მოვითხოვთ, რომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი მაფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას!

მოვითხოვთ რომ შეიმუშაოთ ახალი გეგმა და დროულად მოახდინოთ რეაგირება, “- ნათქვამია პეტიციაში. 

დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან გაიხსნა ეგრეთ წოდებული გადასასვლელი ენგურის ხიდზე.

მისივე თქმით, ეს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსველთათვის საკარანტინო ვადა როგორც მოგეხსენებათ, პირველ თებერვლამდე განისაზღვრებოდა 12 დღის ვადით, ამიერიდან კი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი ხუთ დღეს დაყოფენ საკარანტინო სივრცეში. „პისიარ“ ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკარანტინო სივრცე დატოვონ, “- განაცხადა მან.