„ევროპული საქართველოს" ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

პუბლიკა

„ევროპული საქართველო“ სტრუქტურული ცვლილებების მოლოდინში – პარტიის ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეხვედრაზე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების ლიდერები.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ, რა ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში.

„ცვლილებები აუცილებელია, მათ შორის, ცვლილებები უნდა მოიცავდეს განახლებას. ჩემი შეხედულებით და ამას იზიარებს პარტიის დიდი ნაწილი, საჭიროა მათ შორის პერსონალური გადაწყვეტილებების მიღება განახლებასთან დაკავშირებით. ყველაფერზე კონკრეტულად მოგახსენებთ შეხვედრის შემდეგ“,– განცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, გიგი წერეთლის განცხადებით, არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე აპირებს პარტიის დატოვებას, მაგრამ მსჯელობენ ლიდერებისა და ხელმძღვანელი ფუნქციების ცვლილებებზე.

„აზრთა დაპირისპირება არის, მაგრამ პიროვნული დაპირისპირებები რამე მნიშვნელოვანი და მედიისთვის ხელშესახები იყოს, ნამდვილად არ არის“, – განაცხადა წერეთელმა.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის შიგნით დისკუსიის პროცესი მიდის, რასაც არასწორი ფორმის სპეკულაცია მოჰყვა.

„ეს დისკუსია გაგრძელდება და ყველა ტიპის საკითხზე იქნება ეს სტრატეგია, ტაქტიკა, სტრუქტურული თუ პერსონალური, გუნდური გადაწყვეტილებები ვინმესი, ამაზე მოგახსენებთ.

მთავრობის პროპაგანდა მუშაობს ამაზე, დაპირისპირებას კი არ აქვს ადგილი, რაც მოგახსენეთ, იმას აქვს ადგილი: დისკუსიას იმის თაობაზე, როგორ უნდა გააგრძელოს ამ რთულ პოლიტიკურ მომენტში პარტიამ მუშაობა“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება შეიძლება დღესვე იყოს მიღებული, შეიძლება დასჭირდეს მეტი დრო. მისი თქმით, პერსონალური ცვლილებები, თუ ასეთი იქნება, ნებისმიერ პირს შეიძლება შეეხოს.