ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დასახელება მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ წასულა. – „ეს, პრინციპში, მინიშნებაც აღარაა. ფაქტია, მის გარეშე ეს სხვას თავში აღარავის მოუვიდოდა”.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერებით ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მკაცრი ხაზისკენ, ავტორიტარიზმის, ხალხის ბნელი ინსტინქტებით თამაშისკენ წავა. – „არ დაგვავიწყდეს, რომ იგი „გარეჯი საქართველოას“ და ამ ტიპის პროპაგანდის ერთ-ერთი შემოქმედია.
მისივე თქმით, არც ჰქონია იმედი, რომ გახარიას გადადგომით პოლიტიკური კრიზისი განიმუხტებოდა. – „გახარიამ შეხედა, რომ „ხაზეინი“ რეპრესიების მომხრეა. მან ერთხელ, როგორც იტყვიან, შეიტენა 20 ივნისის ამბავი, მეორედ აღარ მოინდომა და გაერიდა“.
ზურაბიშვილის აზრით, ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებზე არც ფიქრობს, და საერთოდ, პოლიტიკურ გამოსავალს არ ეძებს. – „ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ კრიზისშია. მისი აზრით, უბრალოდ, არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მას ნერვებს უშლიან და უნდა ისინი მოსპოს – ციხეში ჩასვას ან გააჩუმოს. ის მხოლოდ მაშინ ჩათვლის, რომ ეს კრიზისია, თუ 100 000 კაცს დაინახავს ქუჩაში”.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება შეეცდება მელიას დაპატიმრებას და „ასევე, ყველანაირ იდიოტობას, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ და ასევე იმასაც, რისი წარმოდგენაც ძალიან ძნელია“.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება” პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილს წარადგენს.