„მთელი ღამე ვფიქრობდი - რატომ, რისი გულისთვის?" - კალაძე ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე

პუბლიკა

თბილისის მერმა,  კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომა გარდაცვლილი ბავშვის, ლუკა სირაძის ოჯახისადმი სამძიმრით დაიწყო.

„ჩვენი სამძიმარი ვერ დააბრუნებს ლუკას, უბრალოდ მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და გვახსოვს რამხელა ემოცია და ენერგია დუღდა თითოეულ ჩვენთანაგნში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება”, – თქვა კალაძემ.

მერის თქმით, „ლუკაც ასეთი ბიჭი იყო, გარდატეხის ასაკში, რომელიც რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას არაპროფესიონალიზმს. ძალიან მძიმეა. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი – რატომ, რისი გულისთვის?

ზოგადად შევხედოთ რა ხდება ირგვლივ, არ არსებობს თანაგრძნობა, სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ. ამას ხედავენ.

როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ. იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი, მომავალ თაობაზე”, – თქვა კალაძემ.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.