„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) წარმოადგინა შუალედური ანგარიში „საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში და მას შემდეგ Covid-19-თან დაკავშირებული ხარჯების და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის“ შესახებ.
როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ანტიკრიზისული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებები, ხშირ შემთხვევაში, არასრულყოფილად, ან საერთოდ არ გასცემენ ისეთ საჯარო ინფორმაციას, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში უშუალოდ მათი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს და ღირებულია ანტიკრიზისული გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამთავრობო ანგარიშებში სხვადასხვა ანტიკრიზისული პროგრამის შედეგები წარმოჩენილია იმ ფორმით, რაც საზოგადოებისათვის პროგრამის წარმატების შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენების შექმნას უწყობს ხელს.
„COVID 19-ის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების უდიდესი ნაწილი მიემართება Covid-სასტუმროებისა და კლინიკების მობილიზებაზე. მაგალითად, 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
ამ მიზნობრიობით განხორციელებული შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით, ხოლო ცალკეული უწყებების მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებები საჯაროდ ხელმიუწვდომელია“, – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში.
მათი თქმით, 2020 წლის ანტიკრიზისული გეგმით, მოქალაქეებისთვის პირდაპირი დახმარებების სახით გათვალისწინებული იყო ერთ მლრდ. ლარზე მეტი, რაც მთლიანი ანტიკრიზისული ფონდის 29.5%-ს შეადგენს. ცალკეულ შემთხვევებში პირდაპირი დახმარება განისაზღვრა ერთნაირი მოცულობით, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ასევე მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი ნაწილისთვის.
„ანტიკრიზისული გარკვეული დახმარების პროგრამები მცირე მოცულობით იყო წარმოდგენილი და შესაძლებელი იყო აღნიშნული დახმარებების მოცულობის და მიზნობრივი სეგმენტის ზრდა. იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის ათვისება გარკვეული პროგრამების შემთხვევაში ვერ მოხერხდა“,- წერია ანგარიშში.
IDFI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
უზრუნველყოს პანდემიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების და გაწეული ხარჯების მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი.
შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, მაქსიმალურად შეამცირონ გამარტივებული შესყიდვების გამოყენება ისეთი მომსახურებისა და პროდუქტების შესყიდვისას, რომელთა საჭიროება წინასწარ ცნობილია და შესაძლებელია მათი დაგეგმვა და კონკურენტული პირობებით ჩატარება.