მოლაპარაკებების დასრულებამდე დიალოგის დეტალებზე განცხადებას ვერ გავაკეთებთ | კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „„ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს“.

მისივე თქმით, დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით, პარტნიორებთან შეთანხმების მიხედვით, ვერც ერთი განცხადება ვერ გაკეთდება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, დიალოგი უახლოეს დღეებში გაგრძელდება და პროცესის დასრულების შემდეგ გაკეთდება კომენტარები.

„საზოგადოება პასუხს ელოდება უკვე დიდი ხანია და რამდენიმე დღესაც, ალბათ, დაგვაცდიან და ამის შემდეგ უკვე საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა იყო მხარეების პოზიციები და როგორ დასრულდა დიალოგის პროცესი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, განიხილება „ყველა რაციონალური“ წინადადება.

მისივე თქმით, დიალოგი „პარტიული საკითხია“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან პარტიის თავმჯდომარე დაესწრება მას.


კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს, გამთენიას ჩამოფრინდა. დილიდან ის შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და „ქართულ ოცნებას“. დანიელსონმა განცხადებები გააკეთა მედიისთვისაც. ის საქართველოს 14 მარტს დატოვებს.