„ღარიბაშვილს შევხვდი ერთადერთხელ, დერეფანში, ხელი ჩამოვართვი“ - გიული ალასანია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „TV პირველთან“ ამბობს, რომ ის ერთადერთხელ შეხვდა პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

„ბატონ ირაკლის შევხვდი ერთხელ, ერთადერთხელ, შევხვდი დერეფანში და ხელი ჩამოვართვი, მადლობა ვუთხარი. სხვათაშორის, მაშინ იმსახურებდა ამ მადლობას. ეს შეხვედრა იქნებოდა ალბათ 2004-2005 წელი, პირადად როცა შევხვდი. სხვა დროს მახსოვს ბატონი ირაკლი ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა ხოლმე და ძალიან ნასიამოვნები იყო.

სხვათაშორის, მე ძალიან გამიხარდა ეს თემა რომ წამოიწია, ძალიან კარგი წლები გამახსენდა, ჩვენ ერთად ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ და სხვათაშორის არა მხოლოდ ბატონი ირაკლი, ბევრი ადამიანი იყო ამ პროექტში ჩართული, “- ამბობს გიული ალასანია.

პროექტი რომლის შესახებაც ის საუბრობს, ეხება „ჩვენებურებს“. გიული ალასანია ამბობს, რომ ეს ხდებოდა ვარდების რევოლუციამდე, მაშინ გაჩნდა სპონტანურად ამ პროექტის იდეა. გიული ალასანია ასევე ამბობს, რომ ის ერთხელ შეხვდა ბიძინა ივანიშვილსაც.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს. მისი თქმით, ფონდს ჰქონდა არაერთი პროექტი და მაშინ მას უწევდა კომუნიკაცია მთავრობასთან, მინისტრებთან. ღარიბაშვილმა ასევე თქვა დღეს, რომ არაერთხელ შეხვედრია ამ პროექტების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, მათ შორის გიული ალასანიას.