დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ოცნებასაც“, დღეს და ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება - ბაქრაძე

პუბლიკა

„მე ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, ხვალ საღამოს ჩვენ გვეცოდინება, „ქართულ ოცნებას“ უნდა მოლაპარაკებები თუ მოლაპარაკებობანას თამაში, არამარტო ჩვენ, არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შესვედრის მიზანი პოზიციების მისინჯვას ემსახურებოდა. როგორც ის ამბობს, შეხვედრები დღესაც და ხვალაც გაიმართება.

„ჩვენ დავაფიქსირიეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია ექვსივე საკითხთან დაკავშირებით, სადაც გამოვყავით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი.

სავარაუდოდ დღესვე გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა. თუ არადა ხვალ, ერთი ან ორი შეხვედრა და მე ასე მგონია, რომ ალბათ ევროკავშირი თავის პოზიციასაც ჩამოყალიბებს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქ არის.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას”, არ შევიქმნი ილუზიას, რომ „ქართული ოცნება”, რაღაც კომპრომისებით მოვა საერთო შეხვედრაზე…

48-საათიანი ბლიცია ახლა გამოცხადებული, რომლის შედეგადაც კვირა საღმოს ან ყველაზე გვიან, ორშაბათს გამთენისას, ჩვენ გვექნება უფრო ნათელი სურათი  შეთანხმების გზით მივდივართ თუ არა. ოპოზიციამ ერთი რამ დააფიქსირა – კონსტრუქციული შეთანხმებისთვის ჩვენ მზად ვართ”, – განაცხადა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“ თანახმაა, შარლ მიშელის მედიაციით დაყენებული სხვა საკითხების გადაჭრის შემთხვევაში, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს.

„ჩვენი აზრით, ყველა სხვა საკითხი გაწყდება – მელიას, რურუას გათავისუფლება, საარჩევნო სისტემაზე, ადმინისტრაციაზე, რეგულაციებზე რა გზით გვჭირდება სვლა და სხვა პუნქტებზე, რაც არის მნიშვენლოვანი პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში.

დარჩა ეს საკითხი [ვადამდელი არჩევნები], საკვანძო საკითხი. აქ კომპრომისი გახდა აუცილებელი, რომ ხალხს ვკითხოთ უნდათ თუ არა ამ ყველაფრის მიღწევის შემდეგ ვადამდელი არჩევნები, დიახ, ჩვენ ამაზე თანახმა ვიქნებით”, – განაცხადა ბოკერიამ.

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მედიატორისთვის პოზიცია გაეცნოთ.

„მე მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი გამომდინარე იმ ჩართულობის დონიდან, პროფესიონალიზმიდან და მონდომებიდან, რომელიც მე ვნახე”, – განაცხადა მან.

„შევთანხმდით, რომ კრისტიან დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად, გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„მოლაპარაკებები გაგრძელდება, სამწუხაროდ, არ შემიძლია მეტი დეტალები ვთქვა პირველ შეხვედრაზე, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღეს, დღის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება მოლაპარაკებები. იქნება შეხვედრები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ოპოზიციასთან და მმართველ გუნდთან. ასევე, შესაძლებელია, შედგეს ერთობლივი შეხვედრაც. ამ შეხვედრების შემდეგ, გამოჩნდება სად ვართ, სად ვდგავართ და რამდენად შესაძლებელია კრიზისიდან გამოსვლა.

ვისაუბრეთ 6- პუნქტიან გეგმაზე, პრეზიდენტ მიშელის გეგმის ყველა პუნქტზე, თუ როგორ ხედავს ოპოზიცია ამ გეგმის შესრულებას, როგორ ხედავს ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას. შევთანხმდით, რომ ამ ხედვით შუამავალი, დანიელსონი გააგრძელებს მოლაპარაკებას, დაელაპარაკება „ქართულ ოცნებასაც“ და ამ მოლაპარაკების შედეგად გაგრძელდება დღეს და ხვალ პოლიტიკური კონსულტაციები. მხარეების შეხვედრა, დიდი ალბათობით შედეგება დღეს ან ხვალ, თუმცა, ვერ გეტყვით კონკრეტულ დროს, ეს დამოკიდებულია შუამავლებზე“, – აცხადებს ბაქრაძე.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის დღეს პარტია „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ევროპული საქართველოს“, „მეტი თავისუფლება – გირჩისა“ და „გირჩის“ ლიდერებს შეხვდა.