მოსახლეობის მხოლოდ 35% ამბობს, რომ აიცრებოდა; 53% აცხადებს, რომ არ აიცრებოდა – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
ისინი, ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48%) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20%).
მოქალაქეები Covid-19-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60%) ან ინტერნეტით (35%) იღებენ, ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, სამედიცინო სფეროს მუშაკებსა (74%) და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (68%) გამოარჩევენ.
იანვარში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით კი, მოსახლეობის 41% აცხადებდა, რომ აიცრებოდა.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.