მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

პუბლიკა

ამ წუთებში ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს შესახებ მსჯელობენ. „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“ – ამ სახელწოდებით სხდომა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში სენატორმა ჯინ შაჰინმა გახსნა. სხდომაში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგელნებიც.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯორჯ კენტის თქმით, რეგიონში შექმნილი ისედაც რთულ გამოწვევებს საქართველოში დაემატა შიდა სირთულეებიც, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ კი სიტუაციის დეესკალაცია ვერ შეძლეს. ხოლო ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. კენტის თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და შეძლონ ამ სიტუაციის განმუხტვა.

„საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტუნარიანად შეფასდა, თუმცა ასევე აღინიშნა რომ მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის ხაზი მკაფიო არ იყო, რამაც პროცესის გარკვეულ ასპექტებში საზოგადოების რწმენა შეამცირა არჩევნების მიმართ.

სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესობამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა მაშინ, როდესაც კვლევები ადასტურებს, რომ იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებმაც ოპოზიციას ხმა მისცა, სურთ მათმა არჩეულმა დეპუტატებმა მანდატები დაიკავონ.

23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავებამ კრიზისი გაამწვავა, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ქართული დემოკრატიისთვის. როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ასევე ოპოზიციამ, ვერ შეძლეს დეესკალაციის შესაძლებლობები გამოეყენებინათ. ეს გარდამტეხი მომენტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, აშშ გულახდილად უნდა საუბრობდეს როდესაც ლიდერები, განსაკუთრებით კი მმართველი პარტია გადადის იმ გზიდან, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. დასავლეთთან ინტეგრაცია გამოწვევებით სავსე გზაა, რომელიც დემოკრატიული ღირებულებებისადმი მკაფიო ერთგულებაზე გადის“, – განაცხადა კენტმა.