26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩერა [„უჩიპო“] პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა.
ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო მინისტრის ბრძანებაში ცვლილების შესახებ ავრცელებს განცხადებას. ცვლილების მიხედვით, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი.
ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 თვე. ბრძანება ვრცელდება 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საკონსტიტუციო სასამართლო წერს, რომ მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას. მათი მტკიცებით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას.
შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე, რჩებიან პირადობის მოწმობისა და პასპორტის გარეშე, რაც იწვევს სოციალური ცხოვრებისგან მათ სრულ იზოლირებას და უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს.