გვითხრეს, რომ პარასკევს არც ერთ შემთხვევაში არ გადასცილდება მათგან პასუხი - გოლეთიანი

პუბლიკა

„გვითხრეს, რომ დღესვე განიხილება ეს საკითხი პრემიერთან და პარასკევს არც ერთ შემთხვევაში არ გადასცილდება მათგან პასუხი”, – ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ გუშინდელი განცხადების შემდეგ მოლაპარაკებებში ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ პასუხს მათ პირობებზე პარასკევამდე გააცნობენ.

როგორც გოლეთიანი ამბობს, მას დაუკავშირდა გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და უთხრა, რომ ვინაიდან პრემიერს კორონავირუსი ჰქონდა, ხოლო გამოჯამრთელების შემდეგ  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, ამ დრომდე ფიზიკურად ვერ მოხერხდა პრემიერთან ამ საკითხების გავლა.

„ეს დრო, რომელიც ახლა გადის და რომელიც ამოიწურა, ეს გონივრული ვადა, არ მუშაობს მათთვის და დღესაც რწმუნებულ ლერი ბარნაბიშვილსაც დავუკავშირდი, გუბერნატორის შემდეგ და მასაც ვუთხარით ჩვენი პოზიცია, რომ, თუკი ამას დაემატება კოვიდიდან გამომდინარე შეზღუდვები ახლა, მიმდინარე კვირაში ან აიკრძალება საქალაქთაშორისო გადაადგილება და ადამიანებს საშუალება აღარ ექნებათ, რომ პირობითად ჩვენამდე მოვიდნენ ან თავისუფლად დავგეგმოთ ჩვენ პროტესტი, ეს ბუნებრივია, გააჩენს განცდას იმისას, რომ ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად. შემდეგ გამოიყენა კოვიდის ფაქტორები და ჩაკეტა ჩვენი პროტესტის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა.

ამას კარგად ხედავს საზოგადოება და ეს, განწყობის მხრივ, მათ ცუდად მოუბრუნდებათ უკან. მათ თქვეს, რომ დღესვე განიხილება ეს საკითხი პრემიერთან და პარასკევს არც ერთ შემთხვევაში არ გადაცილდება მათგან პასუხი. ანუ შეიძლება პასუხი პარასკევამდეც იყოს, თუმცა პარასკევს არც ერთ შემთხვევაში არ გადაცილდება”, – განაცხადა გოლეთიანმა.