ხვალიდან გუმათში ვშლით დამატებით კარვებს და ვცვლით პროტესტის რეჟიმს - გოლეთიანი

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ Facebook-გვერდზე პროტესტის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. გოლეთიანი ამბობს, რომ აქტივისტები ხვალიდან სოფელ გუმათში გაშლიან დამატებით კარვებს და შეცვლიან პროტესტის რეჟიმს:

„ხვალიდან ვშლით დამატებით კარვებს გუმათში და რეჟიმს ვცვლით იმიტომ, რომ ჩვენ 23 მაისამდე ისევ უნდა ვიყოთ გუმათში და ამისთვის გვჭირდება გარკვეული რეჟიმის შემუშავება, რომ არ მოხდეს პოლიციის მხრიდან რაღაც დაძაბვა და კიდევ რაღაც პროვოცირება სხვადასხვა პროვოკაციული მოქმედებების. ამისთვის უნდა გავაძლიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა ადგილზე კონტროლი და ვუზრუნველჰყოთ მშვიდობიანად გაგრძელება ამ ჩვენი პროტესტის. ამისთვის გვჭირდება ყველა იმ ადამიანის დახმარება, ვინც ჩვენთან მოდის“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„რიონის ხეობის მცველის“ განმარტებით, როდესაც რელიგიური მნიშვნელობის დღეები გადაივლის, მოძრაობა გააგრძელებს აქტიურ პროტესტს:

„გვაქვს გეგმაში, რომ სხვადასხვა ქალაქებში ჩავატაროთ აქციები და საბოლოოდ დედაქალაქში, 23 რიცხვში, მასშტაბური აქცია გაიმართება, როგორც გვაქვს დაანონსებული. ანუ ეტაპობრივად მივდივართ აქამდე“, – აღნიშნა გოლეთიანმა.


გუშინ, 24 აპრილს „რიონის ხეობის მცველებმა“ და მათმა მხარდამჭერებმა ქუთაისის ცენტრალური გამზირი გადაკეტეს, მოგვიანებით კი მსვლელობა გამართეს. ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

„რიონის ხეობის მცველებმა“ მთავრობის გუშინდელი განცხადების შემდეგ, თბილისში დაგეგმილი აქციის თარიღიც დააანონსეს და თქვეს, რომ აქცია 23 მაისს გაიმართება.

აქციები მას შემდეგ დაანონსდა, რაც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება გავრცელდა აქტივისტების პირობებზე. განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“.

აქტივისტების თქმით, აღნიშნული განცხადება არ აკმაყოფილებს აქტივისტების მოთხოვნებს.