მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, შემიძლია განვაცხადო, მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია - ტიკარაძე

პუბლიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კანონმდებლები პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს შემიძლია დანამდვილებით განვაცხადო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ, სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიის სირთულეებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, ვუმკლავდებით პანდემიის მესამე ტალღას, რომელიც, მისი შეფასებით, ბევრად საფრთხილო და საყურადღებოა. თავი იჩინა კორონავირუსის სხვადასხვა შტამმა.

„მინდა, ვისარგებლო ამ ტრიბუნით და საზოგადოებას მოვუწოდო მეტი სიფრთხილისკენ. მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, აქტიურად გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და რაც მთავარია, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი მონაპოვარი და მასზე ჩვენმა საზოგადოებამ დეზინფორმაციის გამო, უარი არ უნდა თქვას. ვაქცინაცია ჩვენი უფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა. მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობის მიზანია, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ მდგრადობას შორის ბალანსის დაცვა.

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ შეზღუდვების თანმდევ სირთულეებს. სწორედ ამიტომ, მივმართეთ ყველა საშუალებას, რათა არ გამოცხადებულიყო კიდევ ერთი ლოქდაუნი, როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის.

მოგახსენებთ, რომ 15 მარტიდან დღემდე აცრილია 40 000-ზე მეტი მოქალაქე. მოსახლეობის ვაქცინებით მოცვასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი ბევრად მასშტაბურია. სწორედ ამიტომ, საზოგადოების ყველა ჯგუფს, განურჩევლად მათი ასაკისა და ჯანმრთელობის სტატუსისა, მივეცით აცრისთვის წინასწარი რეგისტრაციის საშუალება, რათა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, შევძლოთ პროცესის ეფექტურად წარმართვა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.