დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 93 305 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აიცრა 4021 ადამიანი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.
45 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის ვაცინაცია შესაძლებელია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, 18 წელს ზემოთ კი – „სინოფარმის“.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ფაიზერის“ დამატებითი დოზები ქვეყანაში, სავარაუდოდ, ივნის-ივლისში შემოვა. მისივე თქმით, მოლაპარაკება დაახლოებით მილიონ დოზას შეეხება.
„უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებით შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისში. დაახლოებით, მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული. „ფაიზერის” პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმისა” და „სინოვაკის” ქარხნებთან უშუალოდ, დამატებითი დოზების მოწოდებაზე, „მოდერნასთან“, ასევე „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანაზე“, – განაცხადა პრემიერმა.