აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 პირის აღდგენას არხის 230 თანამშრომელი ითხოვს

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტელევიზიიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის აღდგენის მოთხოვნით 230 თანამშრომლის ხელმოწერა შეგროვდა. ხელმოწერები მაუწყებლის კანცელარიაში დღეს ჩააბარეს.

აჭარის მაუწყებლიდან არხის დირექტორმა ტელევიზიის 3 თანამშრომელი – აჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე 30 ივლისს გაათავისუფლა.

არხის თანამშრომლები სამსახურიდან 3 პირის დათხოვნის ფაქტს „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებენ, აქციებს მართავენ და დირექტორისგან გათავისუფლებულების სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე „ალტერნატიული პროფკავშირების“ აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას თავიანთ აქტივობებს უკავშირებენ.

აჭარის მაუწყებლის ოფიციალური განმარტებით კი, 3 თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე წლის 1 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ფაქტი გახდა. ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო საათებში თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც მაუწყებლის თანამშრომლებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

31 ივლისს აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციაც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-მ კი განაცხადა, რომ გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში სასამართლოს მიმართავს.