ადრონული თერაპიის ცენტრში გვექნება ორი ციკლოტრონი - განათლების მინისტრი

ზურა ვარდიაშვილი

“როდესაც ჩვენ მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, მინდა გასაკუთრებით გამოვყო ამ მიმართულების მთავარი მეგაპროექტი, რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში განხორციელდება. ეს გახლავთ ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც იფუნქციონირებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე”. – ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი  “ქართული ოცნების” 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაციაზე.

“ადრონული თერაპიის ცენტრში ჩვენ გვექნება ორი ციკლოტრონი, რომელთა აწყობა უკვე დაწყებულია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში – IBA. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია „ქართუ“ ფონდის მიერ. პირველი ციკლტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრატანამედროვე მეთოდებით – ეს გახლავთ პროტონული თერაპია, რაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის. ხოლო მეორე ციკლოტრონი მთლიანად მოხმარდება სამეცნიერო კვლევით პროცესს ონკოლოგიაში, ბირთვულ და სამედიცინო ფიზიკაში”. – განაცხადა მინისტრმა

მისი თქმით, ის პირადად შეხვდა მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, ამ მიმართულებების წარმომადგნელებს და მათ დიდი ენთუზიაზმი და მზაობა გამოხატეს, რომ ჩამოვიდნენ ქუთაისში და ქართველ მეცნიერებთან ერთად აწარმოონ კვლევითი პროცესი.

“ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და ადრონული თერაპიის ცენტრმა საქართველო მონიშნა მსოფლიო აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით რუკაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლებული და წარმატებული საქართველოსთვის!“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.