აფრიკის დასახლებაში 8 წლის გიგის სახლის დასაცავად იკრიბებიან

პუბლიკა

გუშინ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერებაზე. მოთხოვნა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მოამზადა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ისინი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

PHR-ის ცნობით, ოჯახს სახლის დაცლის ვადა 20 დეკემბრამდე მისცეს. დილიდან აფრიკის დასახლებაში, გიგის სახლთან, აქტივისტები და მოქალაქეები იკრიბებიან, რომ სახლის დასანგრევად მისულ ტექნიკას ხელი შეუშალონ.

გუშინ შეიქმნა ასევე ღონისძიება  – „არ დაგანგრევინებთ“. 

„აფრიკის დასახლებაში ისევ გამოჩნდებიან მერიის ბულდოზერები. ხალხმა არ იცის რამდენი სახლის დანგრევა აქვთ სინამდვილეში გადაწყვეტილი. ხელი შევუშალოთ სახელმწიფოსა და კაპიტალის ძალადობას გაჭირვებულ ქართულ ოჯახებზე. ვიკრიბებით ხვალ, აფრიკის დასახლებაში, დილის 10 საათიდან, “- ამბობენ აქტივისტები.

გიგის და მისი ოჯახის შესახებ

ოჯახში ცხოვრობს 8 წლის გიგი და მისი ორი დედმამიშვილი. მათ ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მშობლები და 79 წლის ბებია. იურისტის ანა აბაშიძის თქმით, ისინი დევნილები არიან და აქვთ პატარა სახლი, რომლის დანგრევის შემთხვევაში გარეთ, ყინვაში დარჩებიან.

„იციან და გამოკვლეულია, რომ სხვა არანაირი ფართი არ გვაქვს. ნგრევად ობიექტში ვცხოვრობდით, იქედან ყველა გამოიყვანეს და მისცეს საცხოვრებელი ფართი, დავრჩით ჩვენ. ქირას ვერ ვიხდით ამიტომ ვერ გადავდიოდით იქედან, ამიტომ ავიშენეთ აქ სახლი. არანაირი სხვა საშუალება არ გვაქვს, არც სხვა ფართი, ის კი არა ქირას ვერ ვიხდით. ძალიან შეზღუდულად ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი აკლია ბავშვს, “- თქვა დღეს ტელეკომპანია „პირველთან“ გიგი ჩანგელიას დედამ.