„აგარის შაქარმა" მუშაობა განაახლა - პროფკავშირი

პუბლიკა

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი „ფეისბუქზე” წერს, რომ კომპანია „აგარის შაქარმა“, სადაც 500-ზე მეტი პირია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი კი ადგილობრივია, მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.

🎉 გილოცავთ აგარელებო !🙌 კომპანია „აგარის შაქარმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა.✊ წარმოებაში 500-ზე მეტი პირია…

Posted by აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი on სამშაბათი, 09 ივნისი, 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „აგარის ქარხნის” მიერ წარმოებული ქართული შაქარი, დაახლოებით, 50%-ით ჩაანაცვლებს იმპორტირებულს. ეკონოსმიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ქარხანაში განახლებული სამუშაო პროცესი დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს ადგილზე გაეცნო.

„ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ადგილობრივი წარმოების შემდგომი აღორძინებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება ხდება იმ დროს, როდესაც გლობალურ პანდემიას ებრძვის ყველა. საქართველოც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ადგილობრივ წარმოებას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, კონკურენტუნარიანობა რომ შეინარჩუნოს. ჩვენ დავეხმარეთ იმით, რომ შედარებით შეღავათიან ფასში მივაწოდეთ ბუნებრივი აირი, ჩვენი ნავთობისა და გაზის კორპორაციამ. ასევე, საქართველოს რკინიგზამ შეღავათიან ფასში დაპირდა, რომ გაუწევს ლოგისტიკურ მომსახურებას. ეს არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ ეს წარმოება და „აგარის შაქრის“ ღირებულება იყოს კონკურენტული, წარმოება იყოს მდგრადი, ხელფასები დროულად მიიღონ დასაქმებულებმა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელი ნიკოლოზ ნათბილაძე აცხადებს, რომ ქარხანა მთელი წლის განმავლობაში, დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს და 60-65 ათას ტონამდე შაქრის წარმოებას გეგმავს, რაც საერთო ბაზრის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.

„აგარის შაქარმა” მუშაობა 2017 წლის ნოემბრიდან შეწყვიტა და კონსერვაციაზე გადავიდა. ქარხნის გახსნა მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2020 წლის 3 აპრილს გადაწყვიტა.

27 მაისს პარლამენტში მოხსენების დროს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „აგარის შაქარი ჩვეულებრივ რენტაბელურ გარემოში ვერ არის კონკურენტული ბიზნესი. ფაქტია, იმიტომ, რომ ის მართვის პრინციპები, ის დანადგარები, ის ტექნოლოგიები, რომლებიც აგარის შაქარს აქვს, კონკურენციას იმპორტირებულ იაფ შაქარს ვერ უწევს. ან იყო ამოცანა, რომ სახელმწიფომ წლები უნდა ასუბსიდიროს სოციალური მიზნით, რომ უბრალოდ სამუშაო ადგილები შეინარჩუნოს, რასაც მდგრადობა გრძელვადიანად არ აქვს, ან, მაშინ, მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა უბრალოდ, სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პრობლემა გახდა შაქრის მომარაგება და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილები“.