აღიარონ მარცხი და შემოვიდნენ პარლამენტში ან ჩამოყალიბდნენ მარგინალურ ჯგუფად - პაპუაშვილი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი – პრეამბულა.

ის გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ მიშელის დოკუმენტით აღიარებულია პოლიტიკური პატიმრების არსებობა, ამ დოკუმენტით უნდა გაიმართოს რეფერენდუმი. პაპუაშვილის თქმით, შარლ მიშელი არ ამბობს ამას.

„შარლ მიშელი ამბობს შემდეგს: უნდა დავასრულოთ პოლიტიკური უთანხმოება, უნდა სოლიდარულად ვებრძოლოთ პანდემიას, უნდა ვიზრუნოთ სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ერთად უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელება“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის ქვეყნის წინსვლის 4 ძირითად საფუძველი, რომელსაც ცალკეული პოლიტიკური ძალები, მათ შორის, ენმ განუდგა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გასული 6 თვე იყო მძიმე – დაწყებული 1 ნოემბერს არჩევნების შედეგების გამოცხადების ჩაშლის მცდელობიდან, დასრულებული 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლის მცდელობით.

„ამ 6 თვის განმავლობაში მოსახლეობამ იხილა არჩევნების,, ე.წ. ტოტალური გაყალბების, ე.წ. მტკიცებულებები, რომლებიც თავად ყალბი გამოდგა, ადმინისტრაციული რესურსის ტოტალურად გამოყენების ბრალდება, რომელიც შემდეგ თავადვე უარყვეს,  საკუთარი ქვეყნისთვის სანქციების დაწესების ნატვრა და ამ ნატვრის შეუსრულებლობისგან გამოწვეული გაწბილება.

6 თვის განმავლობაში ამ მოდელირებულ რეალობას სთავაზობდნენ მოსახლეობას ქუჩაში, მედიაში, სოცქსელებში ამ მოდელირებულ რეალობას აჩეჩებდნენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ ვერავინ დააჯერეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მოსახლეობის მტკიცე უარმა, აჰყოლოდა მოდელირებულ რეალობას, განაპირობა შეთანხმება და დღევანდელი დღე.

პაპუაშვილის განცხადებით, ვინც შეთანხმების მხარეს არ დგას, დამარცხებულია. მისი თქმით, მათ დარჩათ 2 გზა – აღიარონ მარცხი და ხელი მოაწერონ შეთანხმებას, ან ქვეყნის მტრობაში გაჯიუტებულები ჩამოყალიბდნენ, როგორც მარგინალური ჯგუფები.

„ქართული ოცნება“ იქნება შეთანხმების ერთგული“ – განაცხადა პაპუაშვილმა.