ახალი სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე საქართველოს ისტორიის შესახებ - ინტერვიუ პროგრამის თანაავტორთან

სალომე გორგოძე

მომავალი სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ ახალი სამაგისტრო პროგრამა სტუდენტების მიღებას შეძლებს.

რა არის პროგრამის მიზანი; რამდენი სტუდენტი ჩაირიცხება პროგრამაზე და როგორ შეარჩევენ მათ; ვინ არიან და რა კრიტერიუმებით შეირჩა პროგრამის აკადემიური პერსონალი; რა გამოწვევები არსებობს თანამედროვე ქართული ისტორიის სწავლებისას და რას შეცვლის ახალი სამაგისტრო პროგრამა ამ სფეროში, – ამ საკითხებზე  „პუბლიკა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორ, სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელს ბექა კობახიძეს ესაუბრა.

„პროგრამის მიზანია ისტორიოგრაფიის ახალი სკოლის შექმნა საქართველოში, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კლიშეებისგან და საქართველოს ისტორიის კვლევას განახორციელებს ტრანსნაციონალურ კონტექსტში თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვე მეთოდებისა და ლიტერატურის გამოყენებით.

საქართველოს ისტორიის თაობაზე ძალიან ბევრი არის კიდევ სათქმელი, კიდევ ბევრი კითხვა არის პასუხგაუცემელი, ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მწირია უცხო ენაზე. გვაქვს კვლევის დეფიციტი, ანუ ხარისხიანი, აკადემიური სტანდარტების დაცვით უცხოენოვანი აკადემიური ნაშრომები საქართველოს ისტორიაზე ერთ ათეულსაც ვერ მოითვლის. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ აუტსაიდერების მდგომარეობაში ვართ რეგიონში და ეს ნაკლი უნდა შეივსოს“, – ამბობს ბექა კობახიძე.

იმისათვის, რომ დაინტერესებული ადამიანი ახალ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხოს, უნდა ჩააბაროს ერთიანი სამაგისტრო გამოცდა. უნდა ჩააბაროს ინგლისურ ენაში B2 ტესტიც (მინიმუმ 71 ქულით) და შესარჩევ საბჭოსთან გასაუბრება გაიაროს, რათა დაასაბუთოს, რამდენად დაინტერესებულია და რამდენად იცის თანამედროვე საქართველოს ისტორიის საკითხები, როგორ ხედავს თავის მომავალს პროგრამის დასრულების შემდგომ.

სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება, გრანტის გარეშე კი სწავლა, ჩვეულებრივ 2250 ლარი ეღირება.

პროგრამაზე მინიმუმ 5-10 სტუდენტის ფარგლებში მიიღებენ, რომ აკადემიურ პერსონალს თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

რაც შეეხება აკადემიურ პარსონალს, სწავლების პროცესში ჩართულნი იქნებიან, როგორც მსოფლიო მასშტაბით ცნობილი პროფესორები, ილიას უნივერსიტეტის ადგილობრივი აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს, შეიძინეს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება ამ სფეროსთან დაკავშირებით და მზად არიან ეს ცოდნა სტუდენტებს გაუზიარონ.

რა გამოწვევები არსებობს თანამედროვე ქართული ისტორიის სწავლებისას და რას შეცვლის ამ მიმარულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა?

„მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ჩვენთან ისტორიოგრაფია არ არის მოაზროვნეთათვის თავისუფალი დარგი. დღეს ჩვენს რეალობაში  ისტორიოგრაფია ითვლება პატრიოტულ მეცნიერებად. აბსურდია, რომ რომელიმე მეცნიერება იყოს პარტიოტული. მეცნიერება პირველ რიგში გულისხმობს თავისუფალ აზროვნებას. ჩვენ დღემდე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ინერციას მივუყვებით, ისტორიოგრაფიაში, ე.წ. პოზიტივიზმს, სადაც არის თეთრი და შავი, გმირები და ანტიგმირები, კარგი და ცუდი.

ეს ინერცია ისევ მოგვსდევს, უბრალოდ როლები შეიცვალა, ახლა  „გმირის“ როლში არის ნაციონალიზმი და ვინც ნაციონალიზმს ეხება, ყველა და ყველაფერი არის ანტიგმირი.

ცხადია, დღეს ყველაზე იოლია ნაციონალიზმით მანიპულირება ადამიანების ცნობიერებაზე. „ჩვენ დავიცავთ ჩვენს იდენტობას, ფასეულობებს, უცხოეთიდან მომავალი გარყვნილებისგან გადავარჩენთ საქართველოს“, – ამგვარი ფრაზები, სწორედ ისტორიის მრუდე ცოდნის გამო ჯერ კიდევ იყიდება ქართულ საზოგადოებაში. ყველა იდეოლოგიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ნებისმიერი აკადემიური მიმართულება, რომელიც ემსახურება კონკრეტულ იდეოლოგიას, არ არის თავისუფალი, თავის ბუნებაში ვერ იქნება თავისუფალი.

მრავალ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ზღაპრული, არარსებული ფაქტებით მანიპულირება საბოლოო ჯამში ქართულ ცნობიერებას ძალიან ამღვრევს, არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

თუ ჩვენ არ ვასწავლეთ ჯანსაღი და გააზრებული საქართველოს ისტორია, ისევ იმავე წრეზე ვიტრიალებთ. საქართველოში ისტორიის თანამედროვე სტანდარეტებით სწავლების დაწყება გრძელ ვადაში ქართული პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლების გაჯანსაღების მექანიზმი იქნება. ამ ცვლილებებს სერიოზული ადამიანური რესურსი სჭირდება, ჩვენ ახლა ვართ 14 ლექტორი, წელიწადში გვეყოლება 5-10 სტუდენტი, ეს პროგრამა თავისი კვლევებით, თავისი კურსდამთავრებულებით, 5-10 წლის ვადაში სრულიად ახალ რეალობას შემოგვთავაზებს ამ სფეროში“.