ალეკო ელისაშვილის 5 შეკითხვა პარლამენტში შესულ „ნაციონალურ მოძრაობას“

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეკითხვებით მიმართა.

პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით შექმნილ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ. ისინი პარლამენტში გუშინ პირველად მივიდნენ და დღეს პლენარულ სხდომას ესწრებიან.

„რამდენიმე შეკითხვა მაქვს და მინდა დაგისვათ. ჩვენ მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში შემოვედით თებერვლის დასაწყისში, თქვენ შემოხვედით ივნისის დასაწყისში, ოთხი თვის შემდეგ.

ჩვენ რომ შემოვედით თქვენ… ნუ, ყველას არ ეხება, მინდა დავაზუსტო, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან ადამიანები, მათ შორის აქაც წარმოდგენილი, რომლებიც პირველივე დღიდან ღირსეულად იქცეოდა, მაგრამ ზოგიერთი და ბევრი იდგა და გვწყევლიდა, ზიზღს აფრქვევდა და რას არ გვაბრალებდა.

43 წლის ვარ და ერთხელ შეწყალების კომისიის წევრი და ერთხელ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი და ღმერთმა იცის, სუს-მაც იცის, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ ერთი, რითაც შემიძლია ვიამაყო არის ის, რომ ხელფასის მიღმა არ ამიღია არასოდეს არცერთი თეთრი.

მაგრამ თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ. ახლა მე თქვენ გეკითხებით, თქვენც ხომ შემოხვედით – თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?  – ეს არის ჩემი პირველი კითხვა.

მეორე კითხვაა – მამისტოლა კაცს თქვენი ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ ბათუმში და თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს, იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ?

კიდევ რა მინდა გკითხოთ –  შეთანხმებას თქვენ ხელი არ მოაწერეთ. არადა, ამ შეთანხმებით თქვენი ლიდერი გამოვიდა და სხვა ვის გამოშვებასაც ითხოვდით, რურუა. ამ შეთანხმებამ კრიზისი განმუხტა, პარლამენტმა ფუნქციონირება განაგრძო, ამ შეთანხმებამ გაგიხსნათ თქვენც გზა, რომ შემოსულიყავი. რა წერია ამ შეთანხებაში ასეთი? ამნისტიაზე გასაგებია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. იქ წერია, საარჩევნო რეფორმა უნდა გატარდეს, მართლმსაჯულების რეფორმა – ამ ყველაფერს ხელს თქვენ არ აწერთ, აბა აქ რისთვის შემოხვედით? ეს მაინტერესებს.

კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ეს პარლამენტი ლეგიტიმურია, თუ არ არის ლეგიტიმური დღეს? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატომ სხედხართ აქ? საერთოდ რას აკეთებთ აქ თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია.

სააკაშვილმა რომ გითხრათ გამოდითო, გახვალთ ხვალ? ეს არის ბოლო კითხვა. სანამ იმან არ გითხრათ და შუქი არ აგინთოთ, ფეხს ვერ დგამდით აქ“, –  მიმართა ალექსანდრე ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

მან ასევე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს მიმართა, რომ იქნებ ხალხის პრობლემებით და უკიდურესი სიღარიბით დაინტერესდნენ და საპარლამენტო საქმიანობა ამისკენ მიმართონ.