"ამ ეტაპზე ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს", - მაგდა მაღრაძე

პუბლიკა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე განათლების მინისტრის პოსტზე თავისი კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

„ამ ეტაპზე ჩემთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს. არავინ დამკავშირებია. უბრალოდ ადრე განათლების სამინისტროში იყო საუბარი, ხომ არ დავიწყებდი მუშაობას და ეს არ იყო ერთადერთი პოზიცია, რომელზეც იყო საუბარი. სერიოზული კონსულტაციები არასოდეს გამივლია. ახლა ნამდვილად არ ვიცი, რაზეა საუბარი. ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ”, – განუცხადა „პუბლიკას” მაგდა მაღრაძემ.

მაგდა მაღრაძე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორია. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მისიაა საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა.


მიხეილ ბატიაშვილი „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დანიშნული მეხუთე განათლების მინისტრი იყო. დღეს ბატიაშვილმა თანამდებობა ისე დატოვა, რომ მისი შემცვლელი მთავრობის სხდომაზე არ დაუსახლებიათ.

ყველა წინა შემთხვევაში მინისტრის გადადგომასთან ერთად სახელდებოდა მისი შემცვლელიც. ეს შემთხვევა ამ კუთხით განსხვავებულია.

მინისტრობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია მედიაში უკვე ვრცელდება. დასახელდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი, რომელმაც ეს ფაქტი უარყო და თქვა, რომ ამ ვერსიის არსებობის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.

დასახელდა მინისტრის მოადგილის, გიორგი ვაშაკიძის კანდიდატურაც.

პრემიერის აპარატში ამბობენ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ბატიაშვილის შემცვლელის ვინაობა ჯერ ცნობილი არაა.