„ამერიკის მონებმა გვიჩივლეს და დაგვიბარეს“ - „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე არიან

პუბლიკა

პრორუსული, ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე დაიბარეს. ისინი ამის შესახებ ინფორმაციას მედიას უდასტურებენ და კამერებთან აცხადებენ, რომ გამოკითხვაზე „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით მათი გეგმების შესახებ ისაუბრეს.

„თვისობრივად ახალი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, რასაც საჯაროდ ვამბობ, იგივე ვუთხარით, რომ ვაპირებთ ხალხის შეკრებას, ჩვენი პროტესტის გამოხატვას“, – ამბობს ტელეკომპანია „პირველთან“ პარტიის წევრი ზურა მახარაძე.

ის ამბობს, რომ ეცდებიან ექსცესებში არ გადაიზარდოს მათი პროტესტი, თუმცა „100%-იანი გარანტია არაფრის არ არსებობს”.

„ალტ-ინფოს“ კიდევ ერთი წევრი შოთა მარტინენკო ამბობს, რომ „ამერიკის მონებმა იჩივლეს“ და მაგიტომ დაიბარეს ისინი გამოკითხვაზე.

„პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას – პარტიის რამდენი წევრია გამოკითხვაზე და კონკრეტულად რა საკითხზე. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.


„ალტ-ინფოს“ წევრები თითქმის ერთი თვეა საჯაროდ და მედიით აცხადებენ, რომ „პრაიდკვირეულთან“ დაკაშირებით „მობილიზებას“ გეგმავენ.

26 ივნისს „თბილისი პრაიდმა“ დაგეგმილი კვირეულის შესახებ ბრიფინგი  გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს გააზრებულად უარი თქვეს კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე, თუმცა ამის მიუხედავად, პრორუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ შსს ყველა ზომას მიიღებს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებები უსაფრთოდ ჩატარებისათვის.