ამნისტია ვერ დაიცავს მათ, ვინც ადამიანების დასახიჩრებაზეა პასუხისმგებელი. ამ აზრზეა „ოცნებაც" - სამადაშვილი

პუბლიკა

„ეს ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს ვერავის, ვინც არის პასუხისმგებელი ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე და შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რის შედეგადაც მოხდა მსგავსი დაზიანება. ამიტომ, მე მინდა ვთქვა გასაგებად, ის ადამიანები ვინც არიან დასახიჩრებული, ამ ამნისტიის შედეგად მათ დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცული. ეს არის „ქართული ოცნების” პოზიციაც”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, ანუ როგორ გაიწერება საბოლოოდ კანონპროექტი, ამაზე ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. თქვენ იცით, რომ ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც იწყება შეთანხმების შესრულება, ოპოზიცია დარეგისტრირდება პარლამენტში და ამის შემდეგ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის საკითხს, ამაზე გაგრძელდება ხვალ კონსულტაციები და შესაბამისი მუშაობა”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ხვალ გაგრძელდება კონსულტაციებს სწორედ იმაზე, „იარსებებს თუ არა ალტერნატიული კანონპროექტი, თუ როგორ გავაგრძელებთ პროცესს”.

რაც შეეხება შეკითხვას, ნიკა მელიას დღევანდელი მოწოდების მიუხედავად, მაინც გაგრძელდება ამნისტიაზე მუშაობა? სამადაშვილი პასუხობს:

„არსებობს შეთანხმება, რომელიც არის ხელმოწერილი, რომელიც არის ევროკავშირის მედიაციით მიღწეული, ამიტომ, ჩვენ ცხადია, პატივს ვცემთ და ვიზიარებთ ნიკას აზრს, ამაზე გვექნება მსჯელობა მათ შორის მედიატორებთანაც. და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მივყვეთ შეთანხმებულ გეგმას”, – განაცხადა სამადაშვილმა.