ან აქციზის ფასი დაწიეთ, ან ნავთობის იმპორტიორებს დააწევინეთ მადა - ელისაშვილი „ოცნებას“

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებით გამოსვლისას საწვავის ფასის ზრდის შესახებ ისაუბრა.

„გაღარიბდა ჩვენი ისედაც ღარიბი ქვეყანა და ფასები მიფრინავს, აი, პირდაპირ კოსმოსში მიფრინავს“, – თქვა მან გაზრდილ ფასებზე საუბრისას.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ერთ-ერთი „ყველაზე მტკივნეული“ არის საწვავის ფასის ზრდა. მისი თქმით, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 3 ლარს ასცდა.

„ჰოდა, ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, მთავრობავ, არ ვიცი, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ ძალიან ურტყამს ადამიანების, რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი და იქნებ, კეთილი ინებოთ და ან აქციზის გადასახადი დაწიოთ, ან ცოტა დააწევინოთ მადა ნავთობის იმპორტიორებს და ცოტა დედამიწაზე დაეშვან.

გასაგებია, ბიზნესი მოგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ ასტრონომიული მოგებიდან იქნებ ცოტა ქვემოთ ჩამოვიდნენ და ოდნავ მათაც შემოიჭირონ ქამარი წელზე, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანები, ხალხი ისე იჭერს და ისე ვიჭერთ ქამარს, ლამის გაწყდეს ხალხი წელში. დაუყოვნებლივ არის ამ მიმართულებით ნაბიჯები გადასადგმელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.