„არ აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანაში კრიზისი განიმუხტა“ - ჯაფარიძე მელიას შეხვდა

პუბლიკა

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს არ აქვს იმის განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა.

„ის [ნიკა მელია] არის მხნედ. მას, რა თქმა უნდა, არ აქვს იმის განცდა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა იმიტომ, რომ სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი“, – აცხადებს ჯაფარიძე.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან.

„ეს ვერ მოხდება მორალური პრინციპების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე. ამიტომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი და არსებობს ბევრი სამართლებრივი ინსტრუმენტი ისეთი, რომ ადამიანისგან არ მოითხოვდეს მორალურ კომპრომისს. შესაბამისად, ეს არის ახლა ყველა ჩვენაგანის საზრუნავი, ვინც ჩართულია ამ პროცესში, რომ მოიძებნოს ისეთი გამოსავალი რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, იმიტომ რომ ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას“ , – განაცხადა ჯაფარიძემ.