არ არის საჭირო 10 და 20-კაციანი სუფრები, გავიჭირვოთ ორიოდე თვე – გამყრელიძე

„სრულად კიდევ არ არის დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდება“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე „რუსთავი-2-თან“ საუბრისას.

„ლისის და კუს ტბაზე დარბიან კიდევ – 5-5, 10-10 ადამიანი ერთად. კიდევ იმართება 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები, რაც გვიყვარს ქართველებს. რომ დამთავრდება ეს ყველაფერი, მე დაგპატიჟებთ, სიამოვნებით, ერთად ვიმხიარულოთ, მაგრამ ახლა თვე-ნახევარი-ორი თვე გავიჭირვოთ ყველამ“. – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ვითარება საშიში მაშინ გახდება, როდესაც გვექნება დღეში 100, 200, 300 შემთხვევა. „პატარა ქვეყნისთვის ეს სახიფათოა, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთვის პიკურ ფაზასთან მიახლოების გახანგრძლივება“, – ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, საამისოდ საჭიროა რეკომენდაციების შესრულება. „მაგალითად, ჩემი ასაკის ადამიანი იზოლაციაში უნდა იყოს. საჭირო ვარ, ჯერჯერობით, თორემ სიამოვნებით წავიდოდი კარანტინში, კარგი სასტუმროებია“. – ამბობს ამირან გამყრელიძე.