არ არის სწორი ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს არ წაადგება საქმეს - კუჭავა ნამახვანჰესის პროტესტზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მედიის კითხვებს უპასუხა.

კახა კუჭავას თქმით, მას ესმის და სჯერა ადამიანების პროტესტის, თუმცა ამბობს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი საქმეს არ წაადგება.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ, რას ითხოვს ის ხალხი, რომელიც აპროტესტებს და მართლა იყო შეკრებილი დიდი რაოდენობით… და იყო ის მოწოდებები, რომლებიც აბსოლუტურად მესმის და გულწრფელია.

არ არის სწორი ულიმატუმის ენით საუბარი და ეს არ წაადგება საქმეს. მე არ ვიცი, ამ პროცესში ვინ არის ჩართული და არის თუ არა კომუნიკაცია. ეს 12 საათამდე იქნება, მანამდე თუ მერე, მაგრამ ფაქტი ერთია,  დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩვენ, სანამ ბრიუსელში გავფრინდებოდი, ჯერ კიდევ მაშინ გვქონდა საუბარი ამ საკითხებზე.

ერთხელ და სამუდამოდ საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკის დონეზე იქნას ის კონცეფცია და დოკუმენტი [შემუშავებული], რომელიც სახელმძღვანელო იქნება თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით, რომელიც არ იქნება გარემოზე ზედმეტი ზიანის მიყენების ხარჯზე განხორციელებული”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

გუშინ თბილისში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენლებმა აქციაზე მოთხოვნები წამოაყენეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებისგან პასუხს დღეს 12 საათამდე დაელოდებიან.

აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ხვალიდან დედაქალაქის პარალიზება დაიწყება და „ვერავინ ვერსად გადაადგილებას ვეღარ შეძლებს“.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

      1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
      2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
      3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
      4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
      5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დადგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები;