არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ვმაიმუნობდით – ხვიჩია თალაკვაძესთან შეხვედრაზე

ვასკა მათითაიშვილი

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის დეტალებზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა უნდოდა. არც კი მიფიქრია, რომ რამე პრობლემა შეიძლება იყოს მასთან საუბარი.  მას აინტერესებდა ჩემი აზრი, თუ რა დაწევს ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ტემპერატურას“.

იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს ამ დიალოგს სერიოზულად, თუ პოლიტიკური პატიმრები არ გვეყოლება და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დადებული პირობა, ძირითადად, შესრულდება.

მისივე თქმით, ნებისმიერ შეხვედრაზე ის თავისი მიზნით მიდის და საუბარიც იმ შემთხვევაშია მისთვის საინტერესო, თუ ამ მიზნის განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდება.

„მე რაც მიმაჩნია იმად, რაც სიტუაციას განმუხტავს, ჩემი აზრით, ის არ ეწინააღმდეგება სხვა ოპოზიციური პარტიების სურვილებსა და მიზნებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„მე ვარ ადამიანი, რომელიც არასოდეს ლაპარაკზე არ ამბობს უარს, თუ ლაპარაკს აქვს აზრი… ამ შეხვედრის დროს მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ვმაიმუნობდით. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ერთმანეთს მოსაზრებები გავაგებინეთ“.

ხვიჩიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი გიგი უგულავას დაპატიმრებამ გახადა შეუძლებელი. მისი და თალაკვაძის შეხვედრაც სწორედ ამ დიალოგის აღდგენის გზებს შეეხებოდა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ მოლაპარაკებები აღდგეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესაბამისი ქმედებებით უნდა დაამტკიცონ, რომ მათ სერიოზულად უნდათ მოლაპარაკება.

იაგო ხვიჩიას თქმით, შეხვედრა 18 თებერვალს პარლამენტში არჩილ თალაკვაძის ინიციატივით შედგა.