არ დაუშვათ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევა - შენგელია ენმ-ს

პუბლიკა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, არ დაუშვას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევა.

მისი თქმით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ამ კვირაში უნდა დასრულდეს.

„მივმართავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა.

ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან და სამწუხაროდ, ბევრ ჩემ მეგობართან, ვინც ამ პარტიაშია.

იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა. არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა.

ცალკე ამბავია ის, რომ ჩემი აზრით არც ერთ ქალაქში ეს შეთანხმება გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს, რადგან ბოროტებასთან გარიგებას არასდროს არ მოუტანია სიკეთე. იმ ადამიანის პარტიის წევრს, რომლის კისერზე 20 ივნისი, იას გარდაცვალება, ანაკლიის დასამარება და კიდევ უამრავი მძიმე დანაშაულია, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ არაფერი ესაქმება.

მისი პარტიის წევრები ამ ყველა ფაქტის მერე დადგნენ მასთან და შესაბამისად, უნდა იზიარებდნენ ყველა ზემოჩამოთვლილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, ამიტომ მათ ზნეობაზე ან ღირებულებებზე ახლა აქ არაფერს დავწერ. ეს ისედაც ცხადია.
მე უბრალოდ მოგმართავთ თქვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, როგორც რიგითი ზუგდიდელი, რომლისთვის ღირებულება არის მთავარი და დარჩება ნებისმიერ სიტუაციაში”, – ამბობს ბაჩანა შენგელია.