არ ვეთანხმები საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ოპოზიციიის შევიწროებას ითვალისწინებს - დეგნანი

პუბლიკა

„არ ვეთანხმები წამოყენებულ ინიციატივას და არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციიის შევიწროებას ითვალისწინებს ან უზღუდავს მათ მედიასთან წვდომას“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, კენი დეგნანმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა დეგნანს ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ჰკითხა, რომელიც პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას და ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია რა სჭირდებათ იმისთვის, რომ შემდგომ პასუხისმგებლობა დააკისრონ მათ ლიდერებს. ვიმედოვნებ, რომ ეს კანონპროექტი გადაიხედება ვიდრე მიიღებენ. ახლა, საქართველოს დემოკრატიას სჭირდება განვითარებული, წარმატებული ოპოზიცია და პასუხისმგებლობის მქონე ეფექტური მმართველი პარტია“, – აღნიშნა დეგნანმა.

ამერიკის ელჩმა, ასევე ჟურნალისტის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ერთპარტიული პარლამენტი სამწუხარო უკუსვლა იქნება:

„ეს იქნება ძალიან სამწუხარო უკუსვლა. ამომრჩევლებმა აირჩიეს 9 პარტია. ეს იყო მკაფიო განცხადება – არა ერთი, არამედ 9 პარტია. მრავალფეროვანი წარმომადგენლობა სურდათ პარლამენტში“, – დასძინა კენი დეგნანმა.