არაფორმალური მმართველობა, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია - გახარია ივანიშვილზე საუბრისას

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი გახარია მედიას ხვდება და სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა მას ჰკითხა, იყო და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი.

„ბიძინა ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე და, საერთოდ, პოლიტიკურ პროცესზე, რა თქმა უნდა, არის უაღრესად დიდი და ეს ყოველთვის ასე იყო, მისი მოღვაწეობიდან და არა 2012 წლიდან, არამედ უფრო ადრე იყო განპირობებული, საქველმოქმედო მოღვაწეობის ჩათლით. ეს ყველაფერი მასაც ყოველთვის აღიარებული ჰქონდა.

ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეს გავლენა, რომელიც მას ჰქონდა და რომელიც მას აქვს, ალბათ, მე არ ვიცი, დღეს ეს როგორ ხდება, სულ უფრო მეტად უნდა ჩანაცვლებულიყო გაძლიერებული ინსტიტუტებით. ერთადერთი, რისი თქმაც შეიძლება, ის არის, რომ ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ბევრი არაფერი გაკეთებულა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.

არაფორმალური მმართველობა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია. ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, ეს ეხება ოპოზიციასაც. მაგალითისთვის, რამდენიმე დღის წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმ გადაწყვეტილების მისაღებად, შევიდეს თუ არა პარლამენტში, ჩავიდა უკრაინაში. რით განსხვავდება… ეს სხვა არაფორმალური მართველობაა?

სანამ ჩვენ ყველა ერთად ამ პოლიტკური ნაწილის ამ არანორმალურობას არ დავამთავრებთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება მიდრეკილება კერპების მიმართ. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა. ეს ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტურის პრობლემაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.