არაინფორმირება და ამ საკითხის ჩვენთან არგავლა არადიპლომატიური იყო - ზურაბიშვილი უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს არ გადაუდგამს არც ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც მეგობარი ქვეყნის მიერ შეურაცხყოფად შეიძლებოდა მიჩნეულიყო, უკრაინაში კი გადაიდგა „საკმაოდ უცნაური ნაბიჯი“. ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას.

ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, სააკაშვილის დანიშვნა იყო თუ არა საქართველოს შეურაცხყოფა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არაინფორმირება და არგავლა ამ საკითხის ჩვენთან, იყო არადიპლომატიური“.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ბუნებრივი და ნორმალურია. ურთიერთობა კი უკრაინის პოზიციის გამო დაიძაბა, რადგან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველო ამ საკითხზე საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა.

„რამდენად სწორი არის იმ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც არის ჩვენი ასეთი ძველი, საუკუნოვანი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც გვაქვს ამდენი საერთო საკითხი გადასაწყვეტი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ ის ორი ასოცირებული წევრი, რომელსაც რეალურად აქვს შანსი ევროკავშირთან, რომ შიგნით შევიდეს, „შეიწიოს“, ასე ვთქვათ.

ამ დროს, ასეთი ახლობელი არ გაფრთხილებს წინასწარ. არ გეუბნება, რომ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ და ვიცი, რომ… ბოლოს და ბოლოს, ეს ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტია, ვიღაც ხომ არ არის. გაფრთხილება და ინფორმირება არის, როგორც მინიმუმ, ორი ამ ტიპის ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა. ასე რომ, მე ვთვლი, რომ ეს ურთიერთობა უკვე იყო დაძაბული. იმიტომ, რომ უკვე არსებობდა ის ფაქტორი – თქვენ რომ აღნიშნეთ და მის სახელს რომ რაც შეიძლება ნაკლებად ხშირად ვხმარობ. ეს ფაქტორი უკვე მოქმედებდა უკრაინის ხელისუფლებაზე და ამან უკვე დაძაბა ჩვენი ურთიერთობა წინასწარ.

ჩვენი რეაქცია იყო სრულიად ნორმალური, მე დიპლომატიური ენა ვიცი და ვიცი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. იყო მოზომილი, ნორმალური რეაქცია, რაც უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“.

პრეზიდენტის თქმით, ბუნებრივი რეაქცია იყო კონსულტაციისთვის ელჩის გამოძახებაც, ხოლო როგორ გააგრძელებს საქართველო უკრაინასთან ურთიერთობას, ამას მომავალი აჩვენებს.

„[ელჩის] გამოძახება კონსულტაციებისთვის სრულიად ბუნებრივია. იმიტომ, რომ ელჩი უნდა იყოს ის, ვინც ამ საკითხებზე გაფრთხილებს და გაძლევს საშუალებას, რომ აწი რა კუთხით და როგორ ვიმოქმედოთ. აქ არაფერი უცნაური არ არის. დაველოდოთ მომავალს, რამდენად შევძლებთ და შეძლებს უკრაინის ხელისუფლება, რომ ჩვენთან ჰქონდეს ის ნორმალური ურთიერთობები, რომელიც გვჭირდება“, – თქვა ზურაბიშვილმა.

LB loan image desktop LB loan image mobile