არახამია EU-ს და აშშ-ს მიმართავს, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება

პუბლიკა

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია „ტელეგრამის“ არხზე წერს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ არა – ხელისუფლება. მისი თქმით, „ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან“.

არახამიას ამ კავშირის დამადასტურებლად მოჰყავს აუდიოჩანაწერი, რომელიც YouTube-ზე Cyber Kmara-ს არხზე გამოქვეყნდა. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება, სავარაუდოდ, რუს სანქცირებულ ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს. ევტუშენკოვი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მიმდინარე თვეს მოხვდა.

დავით არახამია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა კრემლის დავალებების შესრულებაა.

„დღეს ივანიშვილი ქართველ იანუკოვიჩად გადაიქცა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. უნდათ ქართველებსა და უკრაინელებს შორის გაჩაღდეს დაპირისპირება, რომელიც ათწლეულს გასტანს. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის აქტივებზე დასავლეთში სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – აცხადებს არახამია.


აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ესაუბრება, სავარაუდოდ, რუს სანქცირებულ ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს. ევტუშენკოვი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში მიმდინარე თვეს მოხვდა.

პირველი საუბარი 10 მარტითაა დათარიღებული და მასში სავარაუდოდ რუსი ბიზნესმენი ეუბნება ივანიშვილს, რომ აქვს იდეა, რომელსაც დავითი ჩამოიტანს და ასევე ის ამბობს, რომ ივანიშვილს ნახავს მისი მოადგილე ალი უეზდენოვი ხორბლის თაობაზე.

მეორე საუბარი 13 მარტით თარიღდება. ამ საუბარში სავარაუდოდ ევტუშენკოვს სავარაუდოდ ივანიშვილი ეუბნება, რომ ალი უეზდენოვი პრემიერთან შესახვედრად გაუშვა, უთხრა მას რაც უნდა გააკეთონ და სავარაუდოდ, უკვე ხვდებიან ერთმანეთს. სავარაუდოდ, ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ ქალაქგარეთაა, მაგრამ თუ საჭიროა, თვითონაც შეხვდება ალის.

აუდიოჩანაწერი, YouTube-ზე Cyber Kmara-ს არხზე გამოქვეყნდა.

LB loan image desktop LB loan image mobile