არანაირი კრიზისი არ არის განმუხტული - ზურა ჯაფარიძე

პუბლიკა

„გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ დღევანდელი პარლამენტის ერთადერთი მიზანი შემოდგომით თვითმმართველობის არჩევნებამდე მისვლა და მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებაა.

„არანაირი კრიზისი არ არის განმუხტული. მე აქ მოვისმინე, რომ კრიზისი აღარ არისო და თან ხელოვნური კრიზისი იყოო. კრიზისი არ იყო დამოკიდებული იმაზე ვიღაც შემოვიდოდა თუ არ შემოვიდა დარბაზში, ეს არაფერს ცვლის საერთოდ. კრიზისი არის გარეთ, ადამიანების თავებში და მთავარი კრიზისი არის იმაში, რომ ამ ქვეყანაში ადმაიანებს და მათ შორის ახალგაზრდებს აღარ აქვთ რწმენა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება ღირდეს დარჩენა, ცხოვრება და ყველა არის აქედან გაქცევაზე. მანამ, სანამ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ შეიძლება აქედან გამოვიდნენ, მანამ, სანამ ისინი არ გადაწყვეტენ, რომ აქ ღირს ცხოვრება, აქ ღირს შვილების გაჩენა, აქ ღირს რაღაცების გაკეთება, მანამდე ეს კრიზისი დაძლეული არ იქნება, მიუხედავად იმისა, პარლამენტში 2 დეპუტატი შემოვა, თუ 22. ეს არაფერს შეცვლის.

ეკონომიკური პრობლემების დაძლევას სჭირდება ეკონომიკის გააზრება, როგორ მუშაობას ეკონომიკა და სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ეს ყველაფერი დაიძლიოს. ამ პარლამენტს აქვს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის დროებითი ფუნქცია, რომ შეასრულოს ის, რაც წერია იმ ტექსტში. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცვლილებები საარჩევნო სისტემაში და მზადება შემოდგომის არჩევნებისთვის.

საბოლოო ჯამში, როგორც კი ამას გააკეთებს, ამ პარლამენტის ფუნქცია ამოიწურება და იმ რეფერენდუმზე უნდა გაირკვეს ვის ექნება ახალი ლეგიტიმაცია და ვის ექნება შესაძლებლობა, მათ შორის ახალი ლეგიტიმაციით, მართლაც რაღაც რეფორმები გაატაროს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მან.