არასერიოზული იქნება იმის თქმა, რამდენად რეალისტური ან არარეალისტურია 1 ოქტომბერს სწავლის დაწყება - გაბუნია

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა პირველი ოქტომბრიდანაც არ განახლდეს, პასუხობს, რომ ეპიდემია დინამიური პროცესია და ერთ კვირაში ამ კითხვაზე უფრო ნათელი პასუხი იარსებებს.

„ეპიდემია დინამიური პროცესია. ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს დავიწყებდით სწავლას საკლასო ოთახებში. დავიწყებთ სწავლას საკლასო ოთახებში რიგ რეგიონებში, მაგრამ უნდა დავიცადოთ სხვა რეგიონებში და დავაკვირდეთ. დღეს ჩემგან იმის თქმა, ეს რამდენად რეალისტურია ან არ არის რეალისტური, არასერიოზული იქნება. უნდა დაველოდოთ, რადგან ახლა ვართ ძალიან აქტიურ ფაზაში ინფექციის კონტროლის. ამდენად, დავიცადოთ ახლა და უფრო უკეთესი პასუხი შეიძლება ერთ კვირის თავზე გვქონდეს თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, დღეს აქტიურად მიმდინარეობს ბათუმში მოგზაურობის ისტორიის მქონე მასწავლებლების ტესტირება, რადგან მისი თქმით, ისინი რისკ – ჯგუფს წარმოადგენენ. გაბუნიას განცხადებით, სკოლაში ინფექციის გავრცელება სერიოზულ დამაზიანებელ შედეგს გამოიწვევს.

„ზოგადად სკოლების გახსნა მარტო ჩვენთვის არა, ბევრი ქვეყნისთვის არის გამოწვევა და ყოველთვის ითვლება, რომ რისკის შეფასების საფუძველზე უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, ჩაითვალა ეპიდემიური ანალიზის საფუძველზე, რომ ჩვენ გვაქვს კრიტიკული მომდევნო ორი კვირა და ეს გადავადება მოხდა პირველ ოქტომბრამდე. ჩვენ დღეს აქტიურად ვაკეთებთ ბათუმში ნამოგზაურები მასწავლებლების ტესტირებას იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ჯგუფი რისკის. ამ შემთხვევაში, სკოლაში ინფექციის გავრცელება გამოიწვევს სერიოზულ დამაზიანებელ შედეგებს“, – განაცხადა გაბუნიამ.