არასწორი, არაეთიკური მოვლენა, რასაც ვნანობ - გახარია ზვიად რატიანის კადრებზე

პუბლიკა

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, ის ნანობს პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით იმ კადრების გამოქვეყნებას, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, მას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს ამ საკითხზე უნდა ეზრუნა, რათა ეს არ მომხდარიყო. გახარიას თქმით, ეს იყო არასწორი და არაეთიკური მოვლენა.

„რა თქმა უნდა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მიუხედავად იმისა, შენ პოეტი ხარ, მწერალი, რიგითი მოქალაქე, ეს პრობლემაა და ამაზე ადამიანმა პასუხი უნდა აგოს. თუმცა აქ, რა თქმა უნდა, იყო მეორე მდგენელი, როდესაც გარკვეული ფირები გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით მე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს იყო ის არასწორი, არაეთიკური მოვლენა, რომელიც არ უნდა მომხდარიყო და მე ამაზე უნდა მეზრუნა, როგორც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს. ამას მე ვიღებ და პასუხისმგებლობას [ვგრძნობ].

მე ამის მცდელობა [რომ შევხვედროდი] არ მქონია, თუმცა იყო რამოდენიმე შემოთავაზება, რომ მე ზვიადს შემახვედრებდნენ და მე დავთანხმდი ამაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, მე მაშინ ვიყავი სულ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი“, – თქვა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნანობს თუ არა ამას, გახარია მას დაეთანხმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

„და… დიახ, ამ კადრებს [ვნანობ]“, – განაცხადა მან.


2017 წლის დეკემბერში საპოლიციო კონტროლის დროს ზვიად რატიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. პოეტი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ პოლიციელები სამოქალაქო ფორმებში იყვნენ გადაცმულები. მისი თქმით, ამ პირებმა ზვიად რატიანს ნარჯინჯისფერი ქურთუკის შესახებ ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი, რაზეც პოეტმა  მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო. რასაც მოჰყვა დაპირისპირება. როგორც რატიანი აცხადებდა, ის შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და სცემეს მანქანაში. ხოლო გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილზეც ჩამოსვეს და იქაც სცემეს.

ამ მოვლენების შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა  ჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ ზვიად რატიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციის წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს იყენებდა.  რატიანის განმარტებით, პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს ის მართლაც ამბობდა, რაც მის მიმართ არასათანადო მოპყრობით იყო გამოწვეული.