არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო - კობახიძე კალაძეზე

პუბლიკა

„არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე. მე პირადად მასთან მაქვს ურთიერთობა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გაბუნიას გადაცემაში „ინტერვიუ ხელისუფლებასთან“ განაცხადა.

კობახიძემ თბილისის მერის შეფასებისას აღნიშნა, რომ კახი კალაძე საუკეთესო მერია და მისივე თქმით, ეს ძალიან კარგად ჩანს, მათ შორის, იმ ანგარიშებშიც რომელსაც კალაძე წარადგენს.

„ჩვენ, პრაქტიკულად, ტანდემში ვმუშაობდით – 2014 წელს, როდესაც მე გავხდი აღმასრულებელი მდივანი, 2 წელი ერთად ვმუშაობდით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. შემდეგ გაგრძელდა ეს ერთობლივი სამუშაო პროცესი. მუდმივად ამ რეჟიმში ვმუშაობთ და მე ეერთი ფაქტიც არ მახსენდება იმის, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიცია გვქონოდეს გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ერთი მარტივი მიზეზის გამო – კახი კალაძე ყოველთვის საქმიდან გამომდინარე და ქვეყნის და გუნდის ობიექტური ინტერესიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და დგამს ნაბიჯებს. ეს არის ისეთი 7-წლიანი გამოცდილება, რომელიც სრული სიმყარის გარანტიას იძლევა როდესაც ადამიანს აფასებ“, – ამბობს კობახიძე.