აქვს თუ არა პოლიციას ბარების დახურვის უფლება და ბრძანება

ალექსანდრე ქეშელაშვილი

13 ივნისს კაფე-ბარების ნაწილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ წინა ღამით მათთან პოლიცია მივიდა და დაწესებულებების დაკეტვა მოითხოვა. თუმცა, მანამდე რესტორნების, კაფეებისა და ბარების დახურვაზე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს არაფერი უთქვამთ, ამიტომ ბარების მფლობელთათვის პოლიციის სტუმრობა მოულოდნელი აღმოჩნდა.

რამდენიმე ბარის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი პოლიციის ამ მოულოდნელ მოთხოვნას დაემორჩილნენ და დაწესებულებები დაკეტეს.

12 სექტემბერს პოლიციელები ბარ „მოზაიკაშიც“ მივიდნენ. მისი ერთ-ერთი მფლობელი ირაკლი არეშიძე „პუბლიკასთან“ ჰყვება, რომ სამართალდამცველებმა თავდაპირველად დაწესებულების დაკეტვა მოითხოვეს. ბარის წარმომადგენლების შეკითხვის პასუხად – რა სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა ამ მოთხოვნას? – მათ მთავრობის N566 დადგენილება დაასახელეს. თუმცა, ამ დადგენილებაში ბარებისთვის მუშაობის აკრძალვაზე არაფერი წერია.

როგორც ირაკლი არეშიძე „პუბლიკასთან“ ჰყვება, პოლიციელებთან საუბარში მათ გააპროტესტეს, რომ დადგენილება ბარის დახურვას არ გულისხმობდა. სამართალდამცველებმა უკან დაიხიეს და უთხრეს, რომ ეს სარეკომენდაციო გაფრთხილება იყო, ბარის შესახებ ინფორმაციას კი შრომის ინსპექციას გადასცემდნენ. შრომის ინსპექცია შეისწავლიდა, რამდენად ასრულებდა „მოზაიკა“ კორონავირუსის პანდემიის დროს ობიექტის მუშაობის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილ წესებს.

ირაკლი არეშიძის თქმით, მათთან მართლაც მივიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და ბარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო/ვიდეო მასალა გადაიღეს.

არადა, არეშიძის თქმით, ბარი ისედაც გაკოტრების პირასაა, შემოსავალი განახევრებული აქვს და დამატებით აკრძალვებს ვეღარ გაუძლებენ.

ბარ „მოზაიკის“ ერთ-ერთ მფლობელს ეჭვი აქვს, რომ ეს წინასწარორგანიზებული რეიდი იყო და არა რიგითი, ლოკალური შემოწმება. მისი თქმით, ბარების მფლობელებს, მენეჯერებს ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია აქვთ და 12 სექტემბერს პოლიციის მოულოდნელ ვიზიტზე ბევრი მათგანი საუბრობდა.

12 სექტემბერს პოლიციელები მივიდნენ ბარ „სახელოსნოშიც“. ბარის მეპატრონე ვანო მაჭავარიანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ პოლიციელები საღამოს 08:00 საათისთვის გამოჩნდნენ და დაწესებულების დაკეტვა მოითხოვეს, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ჯარიმით დაემუქრნენ.

„დახურულ ტერიტორიაზე „სტაფის“ ჩათვლით 10 კაცზე მეტის ყოლა არ შეიძლებაო, რაღაც დადგენილება გვაჩვენეს და ჯარიმით დაგვემუქრნენ. ამიტომ ჩვენც მოგვიწია, რომ ბარი დაგვეხურა.

მეორე დღეს გავაკეთეთ „გირჩის“ წინასაარჩევნო აქცია. მაშინაც უნდოდათ ჩვენი დაჯარიმება, რამდენჯერმე იყო პოლიცია მოსული, მაგრამ რადგან იქ „გირჩის“ წინასაარჩევნო აქცია იყო, ვეღარაფერი მოიმოქმედეს“, – ჰყვება ვანო მაჭავარიანი „პუბლიკასთან“.

„სახელოსნოს“ ერთ-ერთი მფლობელი ჰყვება, რომ საბოლოოდ ბარი მაინც დაკეტეს და თუ მუშაობის საშუალება უახლოეს ხანებში აღარ მიეცემათ, ფინანსური პრობლემების გამო „სახელოსნოს“ ვეღარც გახსნიან. არადა, აქამდე ჯანდაცვის სამინსიტროს დაწესებულ ყველა რეგულაციას ასრულებდნენ.

„ჩვენ ორი ობიექტი გვქონდა. ერთი დავხურეთ მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ 200 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალებოდა. 40 ადამიანის სამსახურის გარეშე დავტოვეთ. ახლა ეს ბარიც რომ დავხუროთ, ჩემიანად კიდევ 27 ადამიანი დარჩება უმუშევარი. უფულოდ დავრჩებით ყველა.

მინუს 45 000-ზე ვიყავით ასული. ახლა როგორც იქნა ცოტა ამოვქაჩეთ, ჯერ კიდევ გვქონდა ვალი დარჩენილი, რომ მოვიდნენ და გვითხრეს, ისევ დავკეტილიყავით. არადა, 67 ადამიანის უფულოდ, მშიერის დატოვებაც არ შეიძლება. მეც ვგრძნობ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და დავხურე ბარი, მაგრამ ისიც არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ცოტა ხანში თუ არაფერი შეიცვალა, საერთოდ დავიკეტებით.

ამავდროულად კი ვხედავთ, რომ მერიის კონცერტები, სადაც პირბადეების გარეშე 5000 კაცია მისული 3 დღე ტარდება ჩვეულებრივად და ჩემთან, როცა სულ 200 ან 300 ადამიანი მოდის, მე უნდა დავიხურო.

ამიტომ, თუ თუ ეს საკითხი მალე არ დარეგულირდა, მაშინ გამოვიყენებთ ხელისუფლების მიერ დატოვებულ საკანონმდებლო ხარვეზს და ბარში გავაკეთებთ „გირჩის“ საარჩევნო შტაბს“, – ამბობს ვანო მაჭავარიანი „პუბლიკასთან“.

აკრძალულია თუ არა ბარებში 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა?

მთავრობის N566 დადგენილება, რომელზეც ბარ „მოზაიკას“ მენეჯერი ირაკლი არეშიძე საუბრობდა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანას ეხება, რომელიც ასევე მთავრობის – N322 დადგენილებით არის განსაზღვრული.

მართალია, მთავრობის დადგენილება N322 პანდემიის პირობებში სხვადასხვა შეზღუდვას მოიცავს, თუმცა მის კონსოლიდირებულ (ამ დროისთვის საბოლოო) ვერსიაში არაფერია ნათქვამი კაფე-ბარების, რესტორნებისა და კვების ობიექტებისთვის დახურულ სივრცეში 10-კაციან შეზღუდვაზე.

ახალი ცვლილებებით იკრძალება 10 ადამიანზე მეტით საზოგადოებაში დამკვირდებული სოციალური ღონისძიებების – ქორწილის, ქელეხის, იუბილეს და ა.შ. გამართვა. ასევე N322 დადგენილებით აკრძალულია დახურულ სივრცეში სპორტული და კულტურული ღონისძიებები. ბოლო ცვლილებებით ასევე აიკრძალა გასართობი დაწესებულებების, ღამის კლუბების მუშაობა.

კაფე-ბარებისა და რესტორნების ფუნქციონირებას კი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციები ზღუდავს, სადაც 10 ადამიანზე მეტის თავშეყრის შეზღუდვა ნახსენები არაა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მერაბ ქართველიშვილი „პუბლიკასთან“ განმარტავს, რომ 9 სექტემბერს დადგენილი ცვლილებებით აიკრძალა სოციალური ღონისძიებებისა და გასართობი, დაწესებულებების, ღამის კლუბების მუშაობა, მაგრამ არა სხვა ობიექტების.

ასევე, ქართველიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება, შეამოწმოს დაწესებულებები, არღვევენ თუ არა რეგულაციებს. თუმცა, მისთვის ბუნდოვანია, თუკი ამ დადგენილ რეგულაციებს კაფე-ბარები არ არღვევდნენ, რის საფუძველზე შეიძლებოდა მოეთხოვა პოლიციას მათი დახურვა.

„ბოლო ცვლილებებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიენიჭა უფლება – შეამოწმოს ობიექტები. პოლიციას ახლა უფლება აქვს შეამოწმოს, ან მიაწოდოს ბარს ახალი ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

თუმცა, მნიშვნელოვანია, როცა დახურვას მოითხოვენ, ზუსტად აჩვენონ, რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება ეს“, – ამბობს მერაბ ქართველიშვილი „პუბლიკასთან“.

რაც შეეხება რეგულაციების დარღვევის გამო დაწესებულების დახურვას, ქართველიშვილის თქმით, მთავრობის დადგენილებით, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს აქვს უფლება, დარღვევების შემთხვევაში დაწესებულებას ფუნქციონირება შეუჩეროს, პოლიციას კი შრომის ინსპექციისთვის დახმარების გაწევის უფლება მიენიჭა.

„მე პირადად, დადგენილებებში ასე პირდაპირ ვერ ვნახე, რომ პოლიციას ამ დაწესებულებების დახურვის უფლება ჰქონდეს“, – დასძენს ქართველიშვილი.

მართალია, N322 დადგენილების მე-9 მუხლის 1 პუნქტით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოხსენებულია დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ ერთ-ერთ უწყებად, თუმცა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების კონტროლი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ევალება, და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებასაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი იღებს.

„პუბლიკა“ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, პოლიციელებს ბარების დაკეტვის შესახებ ბრძანება არ მიუღიათ და სამართალდამცველთა დაწესებულებებში მისვლის მიზანი, მხოლოდ პანდემიის დროს დადგენილი წესების დაცვისკენ მითითება იყო.

შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზე მოითხოვეს ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაწესებულებების დაკეტვა, როგორც ამას ბარების მფლობელები ამბობენ. მათი ნაწილი კი, მოთხოვნას, რომელსაც, როგორც ჩანს, სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა, დაემორჩილა კიდეც.
___________________________________
გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.