ბერლინალე გენდერულ გზაგასაყარზე

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ქალისა და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაწესებულ ნომინაციებს აუქმებს.

როდესაც გასულ წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს სათავეში ახალი დირექტორატი ჩაუდგა (სამხატვრო ხელმძღვანელი კარლო შატრიანი და აღმასრულებელი დირექტორი მარიეტ რისენბეკი), ყველა მშვენივრად ხვდებოდა, რომ ეს ერთგვარი გამოცდაა: როგორ და რა გზებით შეძლებენ ისინი კინოფესტივალის განახლებას, ახალი იდეების გენერირებას, საკონკურსო პროგრამისთვის ფილმების სელექციას და ზოგადად, ბერლინალეს გავლენისაა და ძველი დიდების შენარჩუნებას.

გასაგებია, რომ ფესტივალის მომზადება სინამდვილეში გაცილებით  შრომატევადი საქმეა, ვიდრე ამას წითელ ხალიჩაზე გამართული ცერემონიალი და ათდღიანი საკონკურსო პროგრამა ითვალისწინებს. ესაა სავალდებულო შეხვედრები, მკაცრი სელექცია, მოულოდნელი ხედვა და გადაწყვეტილება, პარალელური პროგრამების, კერძოდ „ფორუმისა“ და „პანორამას“ მომზადება… მაყურებელიც და კრიტიკოსებიც ნაკლებად იცნობენ ფესტივალის კულისების მიღმა არსებულ, დაფარულ მხარეს, რომელიც წინ უძღვის A კლასის კინოფესტივალის ყოველწლიურ ცხოვრებას.

ცვლილებები უკვე 2020 წლის ფესტივალზე ვიგრძენით. ახალმა დირექციამ ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი – „ინოვაციისა და შემოქმედებითი პერსპექტივისთვის“, საერთოდ გააუქმა. პრიზი სხვათა შორის, საკმაოდ სოლიდურ თანხას გულისხმობდა, რაც ახალგაზრდა რეჟისორებითვის კარგი სტიმული და წახალისება იყო.

ბოლო წლებში გერმანულ პრესაში გამოჩნდა მასალები, რომელიც ალფრედ ბაუერის (კინოს ისტორიკოსი, იურისტი და პროდიუსერი, რომლის სახელობის პრიზი 1987 წელს, ჯერ კიდევ დასავლეთ ბერლინის კინოფესტივალზე დაარსდა), ნაციონალ-სოციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებდა. ამდენად, ბერლინალეს დირექციას აღარ სურს კინოფესტივალი ასოცირდებოდეს ნაცისტურ წარსულთან და შესაბამისად, ამ ცნობილი ადამიანის სახელთან.

კიდევ უფრო რადიკალური აღმოჩნდა 24 აგვისტოს კინოფესტივალის დირექციის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, გააუქმოს საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცის ნომინაციები. სამაგიეროდ, გენდერულად  ნეიტრალური ნომინაცები დაწესდება, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: „ვერცხლის დათვი“ მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ და „ვერცხლის დათვი“ დამხმარე როლის საუკეთესო შესრულებისთვის, გენდერული ნეიტრალურობის საფუძველზე“

კარლო შატრიანისა და მარიეტ რისენბეკის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად დაეხმარება კინოინდუსტრიას, რომ გენდერულად უფრო მნიშვნელოვაი და მგრძნობიარე გახდეს. ასე, რომ პოლიტიკური, სოციალური, გენდერული თუ რელიგიური ცვლილბები საფესტივალო პოლიტიკაზეც აისახება, რაც დღევანელი მსოფლიოს კორექტულობის სიშლეგის ხარისხს კიდევ ერჩელ წარმოაჩენს.

კიდევ ერთი ცვლლება, რაც 2021 წლის ბერლინის კინოფესტივალზე აისახება, სპეციალურად შერჩეული სივრცეები და ადგილებია. ასე, რომ ფესტივალი, რომლის გამართვაც დისტანციურად იგეგმებოდა, მაინც რეალურ დროსა და სივრცეში ჩატარდება.

საერთაშორისო ჟიური გამარჯვებულს უკვე კორექტირებულ ნომინაციებში გამოავლენს: „ოქროს დათვი“ საკეთესო ფილმისათვის, „ვერცხლის დათვი“ – ჟურის მთავარი პრიზი, „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის, „ვერცხლის დათვი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის:, „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო სცენარისათვის“, „ვეცხლის დათვი“ მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის“, ვერცხლის დათვი“ დამხმარე როლის საუკეთესო შესრულებისთვის და „ვერცხლის დათვი“ განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევისთვის.