ცოლქმრული ცხოვრების სცენები დილის ხუთ საათზე

დავით ბუხრიკიძე

რეჟისორმა გეგა გაგნიძემ ათონელზე მდებარე თეატრში ივან ვირიპაევის პიესა – „მზის ხაზიმსახიობთა ელვარე თამაშითა და ვერბალური აბსურდით შეაზავა.

ერთერთი საუკეთესო თანამედროვე რუსი დრამატურგის, ივან ვირიპაევის კომედიის, მზის ხაზის  მსოფლიო პრემიერა 2015 წელს მოსკოვში, მეიერჰოლდის ცენტრში გაიმართა. სპექტაკლი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა და შემდეგ რამდენჯერმე დაიდგა ევროპის თეატრებშიც. საქართველოში ის  ახლახან პირველად დადგა ახალგაზრდა რეჟისორმა, გეგა გაგნიძემ, რომლის თარგმანიცა და რეჟისორული ინტერპრეტაციაც ერთგვარ მოგზაურობად ან აღმოჩენად შეიძლება მივიჩნიოთ  ბერგმანის (ლამის არქეტიპული სატელევიზიო ფილმისცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, 1972) კლიშეების დასანგრევად. უფრო ზუსტად, რეჟისორმა კლასიკური ცოლქმრული დრამა თანამედროვე აბსურდამდე და ფსიქოფიზიკურ სიშლეგემდე დაიყვანა.

ბარბარა (ნატალია გაბისონია) და ვერნერი (გიორგი შარვაშიძე) შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ კოხტა და გრაფიკული დიზაინით გამორჩეულ სამზარეულოში დილის ხუთ საათზე კამათს სრულიად ბანალური მიზეზით იწყებენ. ურთიერთბრალდებისა და სიბრაზის ზვავი ისე აგორდება, რომ ერთი საათის შემდეგ (სწორედ ამდენხანს გრძელდება სპექტაკლი) ის ქვეშ მოიყოლებს ცოლსაც და ქმარსაც; ხოლო სამზარეულო თავისი ყველა ატრიბუტებითჭურჭლიდან დაწყებული, მაგიდით, სკამებითა და მაცივრით დამთავრებული, ლამის ბრძოლის ველად გადაიქცევა. 

გასაგებია, რომ ვერავითარდადებითი შედეგს“, რაზეც ბარბარა სპექტაკლის დასაწყისში საუბრობს, ცოლქმარი ვერ მიაღწევს და მთელი მათი ძალისხმევა საბოლოოდ განადგურდება. მანამდე კი მათი საუბრიდან არაერთ უცნაურ და ეგზისტენციურ ამბავს გავიგებთ, თუმცა ოჯახური კამათის კონკრეტული მიზეზი ბოლომდე მაინც გაუგებარი რჩებასესხის გარდაუვალი დაფარვის თარიღისა და მათი უშვილობის გარდა. ან შესაძლოა, ამ მიზეზების გარკვევა დრამატურგის მთავარი მიზანი არც ყოფილა.

ვირიპაევის ტექსტიც და მისი ქართული ვერსიაც ისეთი თამამი და ესკაპისტური გამოხდომებითაა გაზავებული, ისეთი ირონიითა და არანორმატიული ლექსიკური მარაგითაა გაჯერებული (საყოველთაოყლეოთიდაწყებული, „მოტ..ული ციყვოთიდამთავრებული), რომ მაყურებელი მალევე ერთვება ამ ვირტუოზულად აგებულ ცოლქმრულ დიალოგში, რომელიც გამორიცხავს ნაცნობ ბერგმანულ  ფსიქოლოგიურ გარჩევებსა დაგრძნობების ჭეშმარიტებას“. 

ბარბარსა და ვერნერის ურთიერთობა, მათი აბსურდული ზრახვები და ლაპარაკის უპიროვნებო, ხელოვნური მანერა მიანიშნებს ურთიერთობის პრობლემაზე არა მხოლოდ ოჯახში, არამედ ზოგადად, თანამედროვე საზოგადოებაში. ცოლქმარი, დიდი ხანია, საერთო ენას ვერ პოულობს და ურთიერთგაგების ყოველი მცდელობა კატასტროფით მთავრდება. რუსული ლიტერატურისათვის ასე ნაცნობი და მტანჯველი კითხვები – „ვინ არის დამნაშავედარა ვაკეთოთ?“ ათონელის ქუჩაზე მდებარე თეატრში დაახლოებით ასე ითარგმნება: რატომ უნდა გაარკვიოს ურთიერთობა ცოლქმარმა საქმე დილის ხუთ საათზე? რატომ არ ესმით მათ ერთმანეთის ან თუ ესმით, რატომ ვერ იტანენ ერთმანეთს? 

გეგა გაგნიძისმზის ხაზიკარგად აწყობილი მექანიზმის ძრავას წააგავს. მასში სიტყვა მოქმედების ტოლფასია, რაც მხოლოდ სიტუაციური თამაშს არ  ნიშნავს, არც ცოლქმრული ცხოვრებისთვის დამახასიათებელ ბიპოლარული სირთულითა და ურთიერთობით აწყობილ სისტემას. ეს უფრო თეატრალური დიალოგის ჯაჭვური რეაქციაა, რომელშიც იმედგაცრუებული გმირები ხშირად ახსენებენ ფილოსოფიურ ტერმინებს, ცნობილ გვარებს, თანამედროვე სატელევიზიო დრამის გმირებივით მახვილსიტყვაობენ და ახალ სიტყვებს იგონებენმაგრამ ეს დაუსრულებელივერბალური ფარიკაობა“ (ხმლითაც და რაპირითაც) მხოლოდ ხელისშემშლელია და ის ამომავალიმზის ხაზიც“, რომელიც ბარბარას თქმით,„მძინარე ვერნერის სხეულზე გადის“, სინამდვილეში მხოლოდ მათ ურთიერთობაში შემორჩენილი გრძნობის გახსენებაა. 

დაუსრულებელ ჩხუბსა და კამათში ერთი საათი გადის. ისინი თითქოს წრეზე დადიანსრული გაუგებრობიდან ერთმანეთთან დაახლოების მცდელობამდე. თუმცა საათის ციფერბლატი სპექტაკლის ბოლოს ისევ დილის ხუთს უჩვენებს. დროის ესგაშეშებაგაჩერებული ურთიერთობის გაყინვასაც აღნიშნავს. ის ეყრდნობა სადისტური სინაზისა და მაზოხისტური სისასტიკის უცნაურ ერთობლიობას, რომელიც ბარბარასა და ვერნერის გარდა, უამრავი ცოლქმრის ცხოვრებას ადრე თუ გვიან, ცხადად თუ ფარულად მაინც თავის დაღს ასვამს. 

ნატალია გაბისონიასა და გიორგი შარვაშიძის ბრწყინვალე, ლამის ფეერიული და სარკასტული თამაში მათსავე თვითირონიულობასაც აღნიშნავს. ამ თამაშს უცნაურად, მაგრამ ზუსტად კვებავს სწორედ რეალური ცოლქმრული ურთიერთობა და გამოცდილება. ისინიც რამდენიმე წელია, ერთად ცხოვრობენ და ბარბარსა და ვერნერისგან განსხვავებით, თეატრისა და როლებისგან, ალბათ, იმდენად გადაღლილები არიან, რომ დილის ხუთ საათზე ერთმანეთს საქმეებს არ ურჩევენ….აუცილებლად უნდა აღინიშნოს მარიამ ძმანაშვილის ძალიან ზუსტი და ერთგვარად ნატურალისტური სცენოგრაფია და მხატვრობა. ასევე, კომპოზიტორ ნოე კვირკველიას ირონიული ელეგანტურობით მოწოდებული და გაბნეული მუსიკალური ფრაზები.

ბარბარსა და ვერნერის თვალსასეირო, მახვილგონივრულ და აბსურდულ დუელში  გეგა გაგნიძე, ზოგადად, ევროპული ცივილიზაციის კრიზისსაც ხედავს, რადგან გმირების ჰიპერტროფიულიმეს“-ს სამყარო, ეგოცენტრიზმი, შეუვალობა და ამპარტავნება ზუსტად აჩვენებს თანამედროვე ადამიანის გამოუვალობის შეგრძნებას და ეგოიზმის დამაკნინებელ თუ დამცინავ ჰერმეტულობასდა ვინ იცის, იქნებ, ბერგმანის ფილმის გმირების (ამ როლებს ლივ ულმანი და ერლანდ იოზეფსონი თამაშობენ) ფსიქოლოგიური თუ დახვეწილად ნაწვალები წიაღსვლები მაყურებლისთვის ისევ სანატრელი გახდეს სცენაზე, თუმცა ამისთვის მას ჩეხოვის, იბსენისა და  სტრინდბერგის აჩრდილები უფრო დასჭირდებოდა.