დოროთი გაროდი - პიონერი არქეოლოგი აკადემიური პატრიარქატის წინააღმდეგ

ნიკოლას გელოვანი

ეძღვნება მარიამ რაზმაძეს

1892 წლის 5 მაისს დაბადებული დოროთი ენი ელიზაბეთ გაროდი ის სახელოვანი ბრიტანელი არქეოლოგია, რომელმაც ახალი სიტყვა თქვა თავის დარგში, პიონერთა შორის ისახელა თავი და პარადიგმის უდიდესი ცვლილება გამოიწვია ფუძემდებლური ნაშრომების წყალობით. გახდა პირველი ლექტორი ქალი კემბრიჯის უნივერსიტეტში (1939 წელს მიანიჭეს ეს სტატუსი) და პირველი მეცნიერი ქალი, რომელსაც უბოძეს ამავე სასწავლებლის არქეოლოგიის კათედრის „Disney Professor“-ისა და ოქსბრიჯის კათედრის წევრის ტიტული.

მაშინ დაინტერესდა არქეოლოგიით, როცა მალტაში ცხოვრობდა. საოცარი ინტერესი გამოიჩინა სიძველეებისადმი. მისი მამა, სერ არჩიბალდ გაროდი, ფიზიკოსი და ბიოქიმიკოსი გახლდათ და ადგილობრივ საავადმყოფოებში მუშაობდა ომის დროს. პაწია გოგონა, თავდაპირველად, შინ იღებდა განათლებას. ინგლისში დაბრუნების შემდეგ განიზრახა ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება. 1922 წელს მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი; მერე ორი წლით გაემგზავრა საფრანგეთში და პარიზის პალეონტოლოგიის ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. დოროთი ფართო თვალსაწიერით გამოირჩეოდა და ინტერდისციპლინარულ მეთოდებს იყენებდა პრეისტორიის კვლევისას. პიონერი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ უარყო თავის ეპოქაში მყარად დამკვიდრებული იდეები, გასცდა ევროპის შემბოჭველ საზღვრებს, უარყო ევროცენტრისტული ხედვა და ბევრად უფრო ვრცელ გეოგრაფიულ არეალში დაიწყო პრეისტორიის ფესვების ძიება. მუდამ ამტკიცებდა, რომ სამხრეთ-დასავლეთ აზია მეტად მნიშვნელოვანი საკვლევი მონაკვეთი იქნებოდა პრეისტორიის შესწავლით დაინტერესებულ მეცნიერთათვის. გაროდმა ჩამოაყალიბა მთელი ლევანტის რეგიონის პრეისტორიის ქრონოლოგია. სწორედ მისგან ჩაყრილ მეცნიერულ საფუძველს ემყარება დღეს არსებული ქრონოლოგიური დაყოფა. იგი იყო პირველი, ვინც გათხრებისა და კვლევის პროცესის განუყოფელ ნაწილად აქცია საჰაერო ფოტოგრაფია; შემოიტანა და დაამკვიდრა შემდეგი ტერმინები: შატელპერონული და გრავეტული კულტურები. ამგვარად ჩაანაცვლა თავისი მენტორის, ანდრე ბრეილის, მოძველებული სახელწოდებები. დოროთი ჩართული იყო გიბრალტარში, ქურთისტანში, ლიბანში, სირიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, პალესტინაში მიმდინარე გათხრებში (უფრო სწორად, ამ სამუშაოების მთავარი ინიციატორი გახლდათ).

გამოიკვლია ეშმაკის კოშკის გამოქვაბული (ეს მისი ერთ-ერთი პირველი ექსპედიცია იყო) და 1925 წელს აღმოაჩინა დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი არტეფაქტი – ნეანდერტალელი ბავშვის თავის ქალა (ხან „გიბრალტარ 2“-ს უწოდებენ, ხან კიდევ „ეშმაკის კოშკის შვილს“). იმიტომ შეარქვეს „გიბრალტარ 2“, რომ 1848 წელს, კაპიტანმა ედმუნდ ფლინტმა, აღმოაჩინა ნეანდერტალელი ქალის თავის ქალა – ,,გიბრალტარ 1“. დოროთიმ 1926 წელს გამოაქვეყნა აკადემიური ნაშრომი, „ბრიტანული ზედა პალეოლითის ხანა“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა ბაკალავრის ხარისხი მიანიჭა ავტორს ამ გამოკვლევისათვის. 1928 წელს გააგრძელა გათხრები და ექსპედიცია წაიყვანა სამხრეთ ქურთისტანში. მერე ერაყში გადავიდნენ და გამოიკვლიეს ჰაზარ მერდისა და ზარზის გამოქვაბულები. 22 თვეში გათხარა 12 სამარხი. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ჯგუფის თითქმის ყველა წევრი ქალი იყო. ამ გათხრების შედეგად მიღებული დასკვნები უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი აღმოჩნდა პრეისტორიული ხანის კვლევის საქმეში. გაროდმა ჩამოაყალიბა ერთგვარი ქრონოლოგიური ჩარჩო, როგორც უკვე არსებული, ასევე, სამომავლო თეორიული ნაშრომებისათვის.

კარმელის მთის მასივში ჩატარებულმა გათხრებმა საყოველთაო აღიარება და დიდება მოუტანა. მეცნიერთა შეფასებით, ეს გამოდგა ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი კვლევითი პროექტი. იქ აღმოჩენილი არტეფაქტების მეშვეობით საბოლოოდ მიუჩინა ადგილი პალესტინურ პრეისტორიულ ხანას საერთაშორისო არქეოლოგიურ რუკაზე. უპრეცედენტო მასალებითა და შედეგებით დაბრუნდა კარმელის მთებიდან. შენიშნა, რომ იქაური არტეფაქტები მხოლოდ იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მოიპოვებოდა და არა ევროპის ტერიტორიაზე. სკრუპულოზური სიზუსტით აღნუსხა მასალები, დაარქვა სახელები და შეამჩნია, ზოგი მათგანი ძალიან რომ ჰგავდა აფრიკულ არტეფაქტებს. ამგვარად ჩაუყარა საფუძველი ლევანტიური პრეისტორიული ხანის მკვეთრ დაყოფას. მისი აღმოჩენების რევოლუციურ და ინოვაციურ ბუნებას ადასტურებს ისიც, რომ გაროდმა გადაჭრით უარყო ევროცენტრისტული და ვიწრო ეთნიკური ჰიპოთეზები. დრომ დაადასტურა მისი იდეების სისწორე. არ ეთანხმებოდა ფრანგ თეორეტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, მხოლოდ ევროპის მასშტაბით უნდა ვეძებოთ პრეისტორიული ხანის ჩანასახებიო. დოროთის იდეებმა გაუძლო ყოველგვარ გამოცდას; დღეს აღიარებულია ლევანტიური კულტურის პიონერ მკვლევრად, რომელმაც მყარ და მტკიცე ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოაქცია აღნიშნული პერიოდი. გლობალური ხედვით გამოირჩეოდა; გასცდა ნაციონალურ ჩარჩოებს და იპოვა მართებული კავშირები ევროპულ და აზიურ არტეფაქტებს შორის. პალესტინაში რომ გააჩაღა მუშაობა, არქეოლოგ დოროთეა ბეიტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად აღმოაჩინა უმნიშვნელოვანესი არტეფაქტები და მკაცრ სისტემაში მოაქცია ქვემო, შუა პალეოლითისა და ეპიპალეოლითის ხანა. გვიანდელი ეპიპალეოლითის ნატუფიური კულტურა (თავად დაამკვიდრა ეს ტერმინი) გამოიკვლია და გათხარა შუქბას გამოქვაბული. მხოლოდ ქალები იყვნენ ჩართულნი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ლევანტში გაჩაღებულ გათხრებში. ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, პალესტინელმა ქალმა, იუსრამ, აღმოაჩინა ნეანდერტალელის თავის ქალა („Tabun 1“ უწოდეს მოგვიანებით). 1929 წლიდან 1934-მდე გათხარეს ელ-ვადის, ეს-სხულის, ელ-ტაბუნის და სხვა გამოქვაბულები. 1931-32 წლებში იპოვეს თორმეტამდე ჩონჩხი და თავის ქალა. მათ შორისაა ქალის ჩონჩხი, ზოგი მეცნიერის გამოკვლევების თანახმად, 41, 000 წლის რომაა. ეს აღმოჩენები გამოქვეყნდა ნაშრომში “The Stone Age of Mount Carmel, vol 2”. (1937–39).

1937 წელს დოროთიმ გამოაქვეყნა „კარმელის მთის მასივის ქვის ხანა“, რომელიც სავსებით სამართლიანად მიიჩნევა წამყვან და პიონერულ ნარკვევად. 1938 წელს ბულგარეთში გაემგზავრა, დაიწყო გათხრები და დეტალურად გამოიკვლია პალეოლითური ხანის მღვიმე, ბაჩო-კირო.

 

კემბრიჯის უნივერსიტეტში გამეფებული აკადემიური სექსიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

1939 წელს დოროთი გახდა პირველი ქალი ლექტორი კემბრიჯის უნივერსიტეტში. ნიუნჰემის ქალთა კოლეჯი კემბრიჯს ექვემდებარებოდა, თუმცა, მისი სტუდენტები არ იყვნენ სასწავლებლის სრულუფლებიანი წევრები (სქესის გამო). მრავალწლიანი ბრძოლა დასჭირდათ ქალებს ამ ბარიერის დასაძლევად. კემბრიჯმა მხოლოდ 1948 წელს მიანიჭა მათ სრულუფლებიანი წევრის ტიტული. როგორც მისი კოლეგები და სტუდენტები იხსენებენ, გაროდის დანიშვნა ბომბის აფეთქებას ჰგავდა პატრიარქალურ გარემოში. სტუდენტი გოგონები აღფრთოვანებით შეხვდნენ ამ ახალ ამბავს და დიდი ზეიმი გააჩაღეს მის პატივსაცემად ნიუნჰემში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტების სახელები უწოდეს სუფრაზე ჩამწკრივებულ კერძებს. კემბრიჯის უნივერსიტეტის პერიოდულმა გამოცემამ ასე შეამკო მეცნიერი: „პირველი ქალი ლექტორის არჩევა იქნება უდიდესი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით მამაკაცებისა და ქალების სრული თანასწორობის მოსაპოვებლად ამ უნივერსიტეტის წიაღში“. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ შორს იყო გენდერული თანასწორობა: გაროდი, როგორც ქალი, ვერ გახდა სრულუფლებიანი წევრი სასწავლებლისა; არ ჰქონდა კრებებსა და საბჭოებზე სიტყვით გამოსვლის, ხმის მიცემის უფლება; არ შეეძლო გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.

 

დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერი, როზალინდ ფრანკლინი, ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როცა დოროთის ლექტორის წოდება მიანიჭეს. დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენაში განუზომელი წვლილის შემტანმა ფრანკლინმა თავის მშობლებს მისწერა 1939 წლის 7 მაისს: „მეტად მნიშვნელოვანი ახალი ამბავი უნდა გაცნობოთ! პირველი ქალი პროფესორი აირჩიეს (…). ჯერ კიდევ არავინ იცის, გახდება, თუ არა უნივერსიტეტის წევრი!“ (May 7, 1939, letter in possession of  Franklin’s sister, Mrs Jenifer Glynn). როზალინდმა დასცინა ლექტორ და მეცნიერ კაცებს, რომლებიც შეაშფოთა დოროთის დანიშვნამ; გაამასხარავა პატრიარქალური ცრურწმენების ტყვეობაში დარჩენილი სექსისტები; აბუჩად აიგდო დრომოჭმული, ჩამორჩენილი აზროვნების გამო. როგორც მისი კოლეგები იხსენებენ გაროდის ბიოგრაფთან ჩაწერილ ინტერვიუში, რაკი დოროთი ქალი იყო, არ ჰქონდა უფლება, აქტიურად ჩართულიყო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მეტიც: არ უშვებდნენ „სცენის მიღმა“, სადაც მხოლოდ კაცები იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ქალებს კაცების კოლეჯში სადილობა და ვახშმობაც კი ეკრძალებოდათ. სწორედ იქ გაჩაღდებოდა ხოლმე გაცხოველებული კამათი საუნივერსიტეტო საკითხების თაობაზე. დოროთი შორს იყო ამ უხილავი ბიუროკრატიული მანევრებისაგან.

„უკიდურესად ფემინისტური სულისკვეთებით ვიყავით სავსე. ხომ ხედავთ? ჰო, ფემინისტები ვიყავით, რამეთუ ქალები ვიღებდით ყველა გადაწყვეტილებას გათხრებისას; ყველა აღმასრულებელი ბერკეტი ჩვენს ხელთ იყო. მეტიც: საქმის ყველაზე საინტერესო ნაწილს ჩვენ ვასრულებდით, კაცები კი ყველაზე რუტინულსა და მოსაწყენს, ანუ ისეთს, მაინცდამაინც დიდ უნარსა და შესაძლებლობებს რომ არ მოითხოვს!“-აღნიშნავს გაროდის ექსპედიციის წევრი. (Mrs. Chitty née Kitson Clark discussing the first  1929 season at Mount Carmel, in conversation with archaeologist,  Julia Roberts, 1994).

დოროთიმ ორი ძმა დაკარგა პირველ მსოფლიო ომში; მესამე ესპანურამ იმსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომის დროს „ქალთა დამხმარე საავიაციო დანაყოფს“ შეუერთდა და ოფიცრად დაიწყო მუშაობა. ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა უნივერსიტეტს და მთელი დეპარტამენტის გარდაქმნა დაისახა მიზნად. მაშინ ჩამოაყალიბა ერთგვარი მოდული მსოფლიო პრეისტორიის შესწავლისათვის. უწინდელი სახელმძღვანელოები მხოლოდ ფრანგულ ან ევროპულ არეალს მოიცავდა. გაროდმა განავრცო კვლევის სფერო და გლობალურ მასშტაბზე გავიდა. შიდასაფაკულტეტო ცვლილებებიც წამოიწყო და მისი წყალობით, კემბრიჯი გახდა პირველი ბრიტანული უნივერსიტეტი, რომელმაც პრეისტორიული არქეოლოგია ცალკე სასწავლო კურსად შეიტანა კურიკულუმებსა და სილაბუსებში.

1952 წელს გადადგა თანამდებობიდან, დატოვა უნივერსიტეტის კათედრა და კვლავ გათხრებს დაუბრუნდა. სული ეხუთებოდა სასწავლებლის კედლებში გამომწყვდეულს. კვლავ მოსწყურდა ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ხეტიალი, აღმოჩენები, გზნება, თავდაუზოგავი შრომა, მოულოდნელი აღმაფრენა, ღია ცის ქვეშ მუშაობა, თეთრად გათენებული ღამეები… საფრანგეთში გაემგზავრა და ფონტეშევადის გამოქვაბულის გათხრა რომ დაიწყო, საქმეში ჩართო ფრანგული არქეოლოგიის ორ გრაციად აღიარებული ჟერმენ ანრი-მარტენი და სიუზან დე სენტ მათურენი. 1958 წელს, 66 წლის დოროთი წავიდა ლიბანში და დიანა კირქბრაიდის დახმარებით დაიწყო გათხრები. მისი ექსპედიციის წევრი გახლდათ აღიარებული არქეოლოგი, ჟაკეტა ჰოუკსი. ერთი წლის შემდეგ სთხოვეს, სასწრაფოდ გაეთხარა ბეირუთის რას-ელ-ქერბის პალეოლითური ხანის გამოქვაბული, რადგან ეს მნიშვნელოვანი ძეგლი დააზიანა გზისა და ლიანდაგების გასაყვანად წამოწყებულმა სამუშაოებმა. იქ აღმოჩენილი არტეფაქტები ბეირუთის ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

მეტად მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. ხშირად გაუსაძლისიც კი იყო იქ გაჩერება. საშინელი სიცხე-პაპანაქება, გამუდმებული წყურვილი, აუტანელი ნესტი, წყლის ნაკლებობა (ხშირად, დაბინძურებული წყალიც კი სანატრელი ჰქონდათ), სამუშაო იარაღების სიმწირე, ხორშაკი, მტვერი, ცეცხლივით მწველი ქარი, გვალვა, მძვინვარე ჭექა-ქუხილი, თავსხმა წვიმა, მოულოდნელად მომსკდარი ნიაღვარი, ავადმყოფობა, მალარია… რამდენიმე წევრს ციებ-ცხელება შეეყარა, რადგან მწერებმა დაკბინეს; რუთ უედინგტონი სასწრაფოდ გააქანეს ჰოსპიტალში, რადგან მალარიით დასნებოვნდა. მისი კოლეგები იხსენებენ, რა შეუპოვრად, რარიგ გულმოდგინედ შრომობდა უკვე მოხუცებული, მოტეხილი, შეჭაღარავებული დოროთი გაროდი, მიუხედავად იმისა, რომ აღარც ჯანმრთელობა უწყობდა ხელს და აღარც ასაკი. ყველა ზემოჩამოთვლილი დამსახურებისათვის აირჩიეს ინგლისის სამეფო საზოგადოების წევრად. ბრიტანეთის აკადემიაშიც დაიმკვიდრა ადგილი და გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ბრიტანეთის იმპერიის ბრწყინვალების ორდენი უბოძეს. პენსილვანიის უნივერსიტეტმა და ბოსტონის კოლეჯმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. დოროთიმ ჩამოაყალიბა „დოროთი გაროდის სახელობის სამოგზაურო ფონდი“. ეს დაწესებულება ფინანსურად ეხმარება არქეოლოგებს, რომელთაც შორეულ ქვეყნებსა და კონტინენტებზე სურთ მუშაობის გაგრძელება. 1968 წელს „ლონდონის სიძველეთა სამეფო საზოგადოებამ“ ოქროს მედალი გადასცა. 2017 წელს ნიუნჰემის კოლეჯის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ დოროთის სახელი დაერქმევა სასწავლებლის ახალ შენობას. „იმედი გვაქვს, მის პატივსაცემად აგებული ეს შენობა მუდამ შეგვახსენებს მის პიონერულ კვლევებს და შთაგონებით აღავსებს მომავალ თაობებს!“-დასძინა ადმინისტრაციამ. „მისმა ნაშრომებმა არა მხოლოდ გამოკვეთა მთავარი ეტაპები და გარდამავალი პერიოდები ლევანტის რეგიონის კულტურული ევოლუციისა, არამედ პასუხი გასცა არაერთ შეკითხვას; დასახა სამომავლოდ გადასაჭრელი საკითხები. ამ სირთულეებთან შეჭირდება უკვე გაბედეს მისგან შთაგონებულმა არქეოლოგებმა. მან გამოჰყო სამი ტიპი: Tabun B, C და D და განსაზღვრა თითოეული პერიოდის როგორც ტექნოლოგიური, ასევე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება“. 2019 წელს, მაკდონალდის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა ჩამოკიდა დოროთი გაროდის ახალი პორტრეტი, რომელიც ფერმწერმა სარა ლაველმა დახატა. პრეისტორიკოსი გრეჰემ კლარკი „წმინდა ოქროს“ უწოდებს დოროთის ნაშრომებს. მისი თქმით, ეპოქალური აღმოჩენების წყარო გახდა მისი გათხრები. „მან იპოვა ერთ-ერთი პირველი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ იშინაურებდნენ ძაღლებს ძველად!“-აცხადებს კლარკი. გაროდი იყო პირველი, ვინც ამტკიცებდა, რომ ადამიანები ლევანტის გავლით მოხვდნენ ევროპაში; რომ ნეანდერტალელები და ადრეული თანამედროვე ადამიანები თანაცხოვრობდნენ იქ; მეტიც: შეჯვარებასაც კი ბედავდნენ. დოროთიმ დაამტკიცა, რომ მცდარი იყო მრავალი ფრანგი არქეოლოგის მოსაზრება – ნაპოვნი არტეფაქტების დიდი ნაწილი საფრანგეთში კი არ იყო დამზადებული, არამედ შუა აღმოსავლეთიდან შემოიტანეს. ანალიტიკური სამუშაოს ჩატარების შედეგად, გაროდმა აღნუსხა და დაახარისხა 92, 000 არტეფაქტი. ჯერ კიდევ პირველი გათხრებისას (გიბრალტარში რომ დაიწყო) დაკვირვებით შეისწავლა იქაური ფლორა და ფაუნა და ასე გახდა ერთ-ერთი პიონერი ინტერდისციპლინარული მეთოდისა. გაროდს გათხრების განსხვავებული ტექნიკაც გამოარჩევდა თავის თანამედროვეთაგან. ამის უტყუარი ნიშანია ისიც, რომ საჰაერო ფოტოგრაფიის მეთოდი დანერგა. კარგად იცოდა, რაოდენ მწირი და უხარისხო იყო პრეისტორიის საყოველთაოდ გავრცელებული კლასიფიკაციაც და კვლევის მეთოდოლოგიაც. ერთი ხელის მოსმით უარყო არქეოლოგ დე მორტილეს კლასიფიკაცია და განაცხადა, რომ ევროპის მიღმა, რეგიონული მასშტაბით ჩატარებული გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტები ბევრად უფრო სარწმუნო წყარო იქნებოდა. გაროდი აღმოჩნდა არა მხოლოდ პიონერი, არამედ ინტერდისციპლინარული კონცეფციის ფუძემდებელი და ინტერეთნიკური კავშირების კვლევის დამნერგავი. ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ჰარმონიულად უხამებდა ერთმანეთს სხვადასხვა მეთოდებს: პრეისტორიულ არქეოლოგიას, ზოოარქეოლოგიას, პალეოანთროპოლოგიას. უფრო ფართოდ გააღო კარი პრეისტორიული არქეოლოგიისა; გადაჭრა არაერთი მთავარი პრობლემა, სამუდამოდ შეცვალა პრეისტორიის სწავლებისა და კვლევის მეთოდი.

დოროთიმ გზა გაუკვალა მომავალ თაობებს და სექსისტური ბარიერები გაუქრო არქეოლოგ ქალებს. თავადვე აღნიშნა: „ლექტორად დანიშვნა უდიდესი სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის, რამეთუ არასოდეს მიფიქრია სერიოზულად, რომ ეს მართლაც შესაძლებელი იყო. ბუნებრივია, უსაზღვროდ მადლობელი და დიდად ნასიამოვნები ვარ; იმედი მაქვს, ეს ნაბიჯი მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე და ქალები მალე გახდებიან უნივერსიტეტის სრულუფლებიანი წევრები“. საბედნიეროდ, აიხდინა ოცნება.

1968 წლის 18 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა 76 წლის პიონერი ბრიტანელი არქეოლოგი, რომლის უდიდესი წვლილისა და დამსახურების დავიწყებაც ყოვლად შეუძლებელია.